გუშინ, ბუდაპეშტში “პუშკაშ არენაზე” უნგრეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარი” და გიორგი ბერიძის “უიპეშტი” დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრების ორივე თავდამსხმელი თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დამატებით დროში კი, “ფეჰერვარისთვის” ყველაფერი ცუდად განვითარდა. მატჩის 91-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ჯერ რუსი გააძევა. 97-ე წუთზე კი, ალეფმა, მოედანზე შემოსვლიდან 6 წუთში, ორი გაფრთხილება მიიღო და გააძევეს. შესაბამისად, 9-კაციანი “ფეჰერვარის” ძლევა “უიპეშტს” აღარ გასჭირვებია.
მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 101-ე წუთზე კასტრატის ანგარიშზეა.
საბოლოოდ, 1:0 და გიორგი ბერიძის “უიპეშტი” უნგრეთის თასის გამარჯვებულია. ბუდუ ზივზივაძემ კი, უნგრეთის თასზე ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. შარშან, ის “მეზოშკოვედის” შემადგენლობაში “ფერენცვაროშთან” დამარცხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings