„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც საქართველოს მეტოქეა მსოფლიოს შესარჩევში, სერია ა-ს მორიგ მატჩში მოედნიდან მიაბრძანეს „პარმასთან“ შეხვედრისას. ეს შვედი გიგანტის პირველი გაძევებაა იტალიის ჩემპიონატში ბოლო 3353 დღის განმავლობაში.
მე-60 წუთზე ზლატანმა არბიტრ ფაბიო მარესკესთან პრეტენზია გამოთქვა ჩალხანოღლუზე დაჯარიმების შემდეგ. ეტყობა, მისი გამოსვლა არც თუ სასიამოვნო სიტყვებს შეიცავდა, რადგან მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ჯამში, ეს იბრას მე-8 გაგდებაა ტოპ 5 ჩემპიონატებში 2012 წლის თებერვლის შემდეგ.
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ შვედის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა:
„ველაპარაკე იბრაჰიმოვიჩს, მან რეპლიკა გაცვალა მსაჯთან, მაგრამ არ გამოუხატავს რაიმე სახის უპატივცემულობა და არ მიუყენებია შეურაცხყოფა. ზლატანის ბოლო სიტყვები მსაჯის მიმართ იყო: „ესე იგი, არ გაინტერესებს, რას ვამბობ?“ – თქვა მატჩის შემდეგ პიოლიმ.
იბრაჰიმოვიჩის გაგდების მიუხედავად, „მილანმა“ ერთ-ერთი აუტსადერი „პარმა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. ზლატანმა მოასწრო და ერთი ასისტი ჩაიწერა აქტივში. სულ კი შვედს სერია ა-ს 17 შეხვედრაში 17 ქულა აქვს – 15 გოლი და 2 საგოლე პასი.
GIPHY App Key not set. Please check settings