ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა დიდი მატჩით დაბრუნდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ალფრედო დი სტეფანოზე” ტურნირის 13-გზის ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
ვიდეო: დორტმუნდს გოლი მოპარეს: სიტიმ ისე მოიგო, რომ სალაპარაკო გაიხადა
ორივე გუნდი მატჩს გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდა. მადრიდელებს ტრავმის გამო კაპიტანი და ლიდერი სერხიო რამოსი ვერ ეხმარებოდა. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე კი, დაცვის კიდევ ერთი ძირითადი წევრი რაფაელ ვარანი კორონავირუსის გამო გამოაკლდა. მერსისაიდელების ლაზარეთიც სოლიდურია.
მატჩი ზინედინ ზიდანის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზიზუმ კლოპს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. “სამეფო კლუბმა” ზუსტად კარში 7-ჯერ დაარტყა, “ლივერპულმა” კი ერთადერთხელ.
ანგარიში 27-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა. მეორე გოლი კი 36-ე წუთზე მარკო ასენსიომ გაიტანა.
მეორე ნახევარი “ლივერპულმა” კარგად დაიწყო და მოჰამედ სალაჰმა გოლიც გაქვითა, მაგრამ კლოპის ბიჭებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს. ვინისიუსმა კი, მალევე მეორე გოლიც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საბოლოოდ, 3:1 და “რეალი” მაგიურ “ენფილდზე” სოლიდური უპირატესობით ჩადის.
რეალი – ლივერპული 3:1
ალფრედო დი სტეფანო. მადრიდი
გოლები: 1:0 ვინისიუსი (27), 2:0 ასენსიო (36), 2:1 სალაჰი (51), 3:1 ვინისიუსი (65)
“რეალი”:კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ასენსიო(70. ვალვერდე), ბენზემა, ვინისიუსი (85. როდრიგო)
“ლივერპული”: ალისონი, ალექსანდერ–არნოლდი, კაბაკი (81. ფირმინო), ფილიპსი, რობერტსონი, კეიტა (42. ალკანტარა), ფაბინიო, ვეინალდუმი, სალაჰი, ჟოტა, (81. შაქირი), მანე.
საინტერესო ფაქტები
- ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვინისიუსმა მადრიდის “რეალის” მაისურით დუბლი შეასრულა;
- „რეალმა“ „ლივერპული“ ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა. საერთო ანგარიში – 10:2;
- ზიდანმა „რეალის“ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა. ამაზე მეტი აქვთ მუნიოსს (71) და დელ ბოსკეს (60);
- მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8-ში 2 ან მეტი ბურთი გაიტანა;
- 35 წლის ლუკა მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 3 მატჩში საგოლე პასები აქვს გაკეთებული;
- მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში პირველად გაიტანა;
- ყველა შეჯიბრზე “ლივერპულის” ბოლო 18 გოლიდან 17 მეორე ტაიმში გავიდა.
- „ლივერპულს“ 2021 წელს „ენფილდზე“ მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. „რეალი“ რომ გაიაროს, მინიმუმ 2 სჭირდება.
იურგენ კლოპი:
„მანეზე ვასკესის მხრიდან სუფთა ჯარომა იყო, მაგრამ მსაჯი ისე მიუდგა, რომ სადიო მყვინთავია. როგორც ჩანს, რაღაც პირადულია.
„რეალს“ მდგომარეობა ძალიან გავუმარტივეთ. პოზიტივი, გოლის გარდა, ისაა, რომ ეს პირველი მატჩია.
„ბარსელონასთან“ ქამბექის 80% -გულშემატკივრები. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ პირობას ვდებ, ბოლომდე დავიხარჯებით“.
ზინედინ ზიდანი:
„რეალმა” მშვენიერი მატჩი ჩაატარა. იყო გარკვეული სირთულეები მეორე ტაიმის დასაწყისში. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ტონი კროოსის პასების სიზუსტე და ვინიუსის ტემპი საოცარი იყო. მეორე ნახევრის სტარტზე ცოტა გაგვიჭირდა და გოლიც გავუშვით, მაგრამ მატჩი დამაჯერებელ გამარჯვებამდე მივიყვანეთ”.
ტიბო კურტუა:
“პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და დიდწილად სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება. უპირატესობა სოლიდური გვაქვს, მაგრამ ყველამ ვიცით “ენფილდზე” თამაში როგორი რთულია”.
ენდი რობერტსონი:
“თამაში ცუდად დავიწყეთ, სამწუხაროდ, მათ თავიდანვე მივეცით ბურთის გაკონტროლების საშუალება და ეს დამღუპველი აღმოჩნდა”.
GIPHY App Key not set. Please check settings