საქართველოს ნაკრები 6 ივნისს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ამხანაგური შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნის ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ როგორც ფედერაცია წერს, ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურად ნიდერლანდებს გაეჯიბრება. მატჩი ქალაქ ენსხედეში (“ტვენტეს” სტადიონი) გაიმართება.
ჰოლანდიელებს აქამდე არასდროს შევხედრილვართ. ამ დროისთვის ფიფას რეიტინგში ნიდერლანდები მე-14 ადგილს იკავებს.
მოგეხსენებათ, ნიდერლანდების ნაკრებში არაერთი ვარსკვლავი თამაშობს – დე ლიხტი, დე იონგი, ვეინალდუმი, დეპაი, ვან დეიკი (თუ მომჯობინდა მანამდე) და სხვები.
შეგახსენებთ, ნიდერლანდები მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი (1974, 1978, 2010) და ევროპის ჩემპიონია (1988).
საქართველოსთან თამაშის შემდეგ, ფრანკ დე ბურის გუნდი ევრო 2020-ზე ჩაერთვება, სადაც C ჯგუფში უკრაინასთან, ავსტრიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იასპარეზებს. როგორი დასანანია, რომ ნიდერლანდებს ამხანაგურად ვეთამაშებით, ჩრდ მაკედონიის ნაცვლად ხომ თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენ გვეთამაშა ევროპის ჩემპიონატის ეგიდით.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი ზაფხულის დასაწყისში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველო 2 ივნისს რუმინეთს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings