in

პირველი სატიტულო სპონსორი ესპანეთში სპორტით ამოიქაჩა და რეალის სიმბოლო გახდა

ეს ლოგო ალბათ გინახავთ რაულის, რობერტო კარლოსის და გუტის მაისურებზე. 20 წლის წინ ინტერნეტი ასეთი ხელმისაწვდომი არ ყოფილა და ბევრმა არც იცოდა რა კომპანია იყო ეს და საერთოდ როგორ იკითხებოდა.

Т Е К А – სანტექნიკის ტოპ-მოთამაშეა, რომელიც ესპანურ ფეხბურთში 1981 წელს შევარდა.

“რეალში” Teka 1992 წელს შევიდა. მანამდე სატიტულო სპონსორებში მადრიდელებს მაინც და მაინც არ უმართლებდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა Zanussi-მ 85-ში კლუბთან თანამშრომლობა შეწყვიტა: Electrolux-მა კომპანია ჩაყლაპა და ქარხნების ნახევარი დახურა. რძის გიგანტი Parmalat “რეალს” ოთხი წელი ასპონსორებდა, მერე “პარმაზე” გადაერთო და ფინანსური მაქინაციების გამო გაბანკროტდა. საავტომობილო დილერი და დამზღვევი Otaysa ასევე გაკოტრდა, როდესაც ავტობაზარი აღმავლობის გზაზე იყო.

ესპანეთის დედაქალაქში Teka გალაქტიკოსის დაბადებას შეესწრო და წყევლა არ შეხებია. 90-იანებში ფეხბურთს იშვიათი ტრანსლაციებითა და საგაზეთო ფოტოებით ცნობდნენ – ამ კომპანიის ლოგო მაქსიმალურად ასოცირდებოდა “რეალთან”, რომელმაც ცხრა წელიწადში ცხრა ტიტული მოიგო, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა.

მაგრამ მას “რეალით” არ დაუწყია.

Teka სპორტში მივიდა, რათა ესპანური ბაზარი დაეპყრო

Teka გერმანიაში 1924 წელს გამოჩნდა და სასოფლო-სამეურნეო დარგში მუშაობდა, მაგრამ მალე უჟანგავი ფოლადით დაკავდა და სანტექნიკისა და სამზარეულო მოწყობილობების წარმოება ჩაუშვა. 95 წლის განმავლობაში პროვინციალური ფირმა ტრანსნაციონალურ კორპორაციად გადაიქცა წლიური 1.1 მლრდ ევროიანი ბრუნვით.

სპორტში გამოჩენას წინ უძღოდა კომერციული ზრდა. ინტერვენცია კი ლოკალური ბაზრის დაპყრობით დაიწყო. პროვინციული კანტაბრია მომავალი გიგანტის პლაცდარმი გახდა, სანტანდერი – გენერალური შტაბი.

Teka-მ დაიწყო ესპანეთში პოპულარული ხელბურთით – 1975 წელს გამოისყიდა მთელი კლუბი და მოგვიანებით საკუთარი სახელი უწოდა. 90-იანებში ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გახდა – 10 წელიწადში 15 ჯილდო მოიგო.

76-ში კომპანიამ ველოსპორტში ჩადო ფული. Teka Cycling-მა 80-იანებში იხმაურა, რამდენჯერმე მოიგო ვუელტა და მშვიდად აღესრულა 1990-ში, მარკეტინგული მისიის შესრულებისას.

ალღოიანმა მეწარმეებმა ჩვეული სარეკლამო სვლების გაფართოება გადაწყვიტეს და იმ მოედანზე ითამაშეს, სადაც მათ გარდა არავინ იყო.

Teka-მ ესპანეთში ბუნდესლიგის ილეთი გადაიტანა. 

1971 წელს ბრაუნშვაინგის “აინტრახტი” ძლივს აგროვებდა მთელი სეზონის თანხას. თუმცა გენიალური იდეა კლუბში არ დაბადებულა. გიუნტერ მასტმა კლუბს 100 ათასი მარკა ლამის არაფრისგან შეთავაზა. სულ რაც იყო – ეთამაშათ მაისურებით, რომელზეც ბრენდის სახელი ეწერებოდა. ასე გაჩნდა “აინტრახტის” მკერდზე Jägermeister, ხოლო ფეხბურთში – პირველი სატიტულო სპონსორი.

80-იანებისთვის ბუნდესლიგის ყველა კლუბს გამოუჩნდა სატიტულეები, მაგრამ ესპანეთში ძირძველი მაისურებით თამაშობდნენ. Teka-მ ესპანეთში ნოვატორული პრაქტიკა შეიტანა. 1981 წელს კომპანიამ თავისი ლოგო “რასინგს” დააწერა.

10 წლის შემდეგ კომპანია მადრიდში გამოჩნდა.

1982 წელს “რეალში” Zanussi მივიდა – Teka-ს კონკურენტი, რომელიც მეტოქის მიგნებამ შთააგონა. მომდევნო 10 წელიწადში “ბლანკოსმა” ოთხი სპონსორი გამოიცვალა, ხოლო Teka გახდა პირველი ხანგრძლივი პარტნიორი.

იმ დროისათვის Teka გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანია ესპანეთში. მისი ლოგო ბრწყინავდა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, საუკეთესო სტადიონებზე და პრესტიჟულ პედესტალებზე. “რეალში” მისვლამ დაასრულა კომპანიის მსოფლიო ბრენდად გადაქცევის პროცესი – ოფისები და ქარხნები აზიასა და ამერიკაში გაჩნდა.

Teka “რეალს” 1992-დან 2000-მდე ასპონსორებდა, მათ შორის საკალათბურთო გუნდსაც აძლევდა ფულს. “მადრიდი” წლიურად 450 მილიონ პესოს იღებდა – 4-დან 5 მილიონ დოლარამდე კურსის მიხედვით. 90-იანებში ასეთი ფულით ტოპ-ტრანსფერის დაფინანსება შეიძლებოდა: 101 გოლის გამტანი ივან სამორანო კლუბს 6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

Teka დაბრუნდა “რეალში” “ბარსელონას” გამო

21-ე საუკუნეში Teka-მ ხელბურთი მიატოვა, შეეშვა ფეხბურთს და კალათბურთს, ველოგუნდი მანამდე დაიშალა. კომპანია სხვა სახეობებზე გადაერთო: ასპონსორებდა იახტას Barcelona World Race რეგატაზე და ავტოს Rally Dakar 2013, ეხმარებოდა ცხენოსნობაში უნგრელ იმრე პულაის.

2014-ში “ბარსელონამ” კონტრაქტი გააფორმა Beko-თან. Teka-ს კონკურენტი თურქეთის საზღვრებს გაცდა და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას გეგმავდა. გერმანელებმა არ დააყოვნეს და დიდ სპორტში დაბრუნდნენ – კონტრაქტი გააფორმეს საკალათბურთო “რეალთან”: 7.5 მილიონი ევრო სამ წელიწადში.

თანამშრომლობა ისევ წარმატებული გამოდგა – “რეალმა” 8 ტროფეი მოიგო, თუმცა მცირეხნიანი. მიგელ რობლედო ამბობს, რომ კომპანიას უკვე აღარ სჭირდება სპორტი: “Teka განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა და სპონსორობის გარეშე შეუძლია. ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, მივაღწიეთ ბრენდის ცნობადობის ზრდას მთელ მსოფლიოში და აწი ახალ პროექტებში დავაბანდებთ ფულს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგონა ჩინეთიდან – გოლფის სექს-სიმბოლოა: ის შესანიშნავია სპორტულ სამოსშიც და ისედაც

გმირები-ანტიგმირები: რაგბის კავშირის ექს-პრეზიდენტის საჯარო წერილი