საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდა. ეროვნული ლიგის გულშემატკივარს ეცოდინება, რომ ქართულ ფეხბურთში წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. წლევანდელ სეზონშიც ასე იქნება.
ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება საკმაოდ არადამაჯერებლად დაიწყო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის “დინამომ”. გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯერ ეროვნული ლიგის დებიუტანტ “სამგურალს” ვერ მოუგო, 10-კაციან ქუთაისის “ტორპედოსთან” არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ბათუმის “დინამოსთან” სულაც დამარცხდა. “სამგურალის” წინააღმდეგ მატჩში კი, გიორგი ნემსაძე მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს.
Sport4me.ge თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელს გიორგი ნემსაძეს დაუკავშირდა და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.
არადამაჯერებელი სტარტი
ბოლო წლებია “დინამოში” ასეთი უსიამოვნო ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ გუნდი სეზონს არადამაჯერებლად იწყებს. შესვენებისას გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი მიდის და მოდის, ძირითადი ბირთვი იცვლება. ახალ ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება სჭირდებათ.
გუნდი ახალ ტაქტიკაზე გადაეწყო, ამას კი გარკვეული დრო სჭირდება. ამ ეტაპზე შესაძლოა ზედმეტად ემოციური და მკაცრი ვარ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს შედეგს გამოიღებს და”დინამო” თავისთვის დამახასიათებელ, მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს.
“დინამოს” მიზნები
“დინამო” უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია და რა თქმა უნდა წელსაც საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგებაა მიზანი. ამ გუნდისთვის სხვა შედეგი წარუმატებლობა იქნება. ამისთვის თავს არ დავზოგავთ. როდესაც ფეხბურთელი “დინამოში” ხვდება, ეს უდიდესი პასუხიმგებლობაა და ამ გუნდის მაისური რომ გაცვია, თავს ვერ დაზოგავ.
ევროსარბიელი
სამწუხაროდ, ფეხბურთის ქომაგებისგან ხშირად არის “კლაკსვიკთან” მარცხზე აპელირება და “დინამოს” მუდამ ამას ახსენებენ. ეს იყო უდიდესი შავი ლაქა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და უნდა დავივიწყოთ. გუნდში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს.
ვილი სანიოლი
სანიოლი დიდი ფეხბურთელი იყო, მუდამ მებრძოლი და ამ დონის ავტორიტეტის მქონე ადამიანის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა ბევრს ნიშნავს. კარგი სამწვრთნელო კარიერით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ იმედიანად ვარ.
GIPHY App Key not set. Please check settings