უკვე ოფიციალურად შეიძლება იმის თქმა, რაც ისედაც ცხადი იყო კარგა ხნის წინ – წელს იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ვეღარ გახდება. თეორიულადაც კი, ქულების მიხედვით ტურინელები ლიდერ „ინტერს“ ვერ დაეწევიან. მეტიც, ოთხეულში რომ მოხვდნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, ესეც საქმეა. მოკლედ, „ბებერი ქალბატონის“ 9-წლიანი ჰეგემონია დასრულდა.
2011 წლის 7 მაისს გიჟმაჟი გატუზო ყველას უზარმაზარი შამპანურის ბოთლიდან წუწავდა, კასანოს იბრასგან მოხვდა და ყინულით დადიოდა, ამბროზინი იტალიის დროშით თანაგუნდელებზე იჯდა, პატო სადღაც ტიროდა. სათადარიგოები ალეგრის აბურთავებდნენ.
იმ დღეს „როსონერიმ“ შეწყვიტა „ინტერის“ 4-წლიანი ბატონობა და თან დაიბრუნა ტიტული, რომელიც 7 წელია არ ჰქონია. ამასთან, „მილანი“ იტალიის ბოლო ჩემპიონი გახდა, „იუვენტუსის“ აბსოლუტური მონარქიის დაწყებამდე.
2010/11 წლების სეზონში „მილანი“ 11 ტურის შემდეგ ლიდერობდა და სკუდეტო ფინიშამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.
***
„მილანის“ ჩემპიონობის მაშინ ბევრს მაინც არ სჯეროდა. მიუხედავად ინტერიდან“ ჟოზე მოურინიოსა და ბალოტელის წასვლისა, ბევრს არ ეპარებოდა ეჭვი „ინტერის“ მორიგ ჩემპიონობაში. თუმცა გუნდი შიგნიდან იყო მოჭმული. ახალ მწვრთნელ რაფა ბენიტესს მოურინიო სძულდა, რომელსაც თავისი მომხრეები ისევ რჩებოდა გუნდში. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბენიტესს თავში აუვარდა და სრული ჩაურევლობა და ათასი რაღაცეები მოითხოვა – ერთ კვირაში საერთოდ გაუშვეს. მოკლედ, „ინტერს“ პრობლემები დაემთხვა. მწვრთნელად ლეონარდოს მისვლამ „ინტერი“ დაამშვიდა და 31-ე ტურში „მილანთან“ შეხვედრამდე ჩამორჩენა 2 ქულამდე დავიდა. ამ შეხვედრას დავუბრუნდებით, მანამდე კი „მილანს“ მივხედოთ.
***
„მილანის“, არა მარტო „ინტერის“ სიძლიერის გამო არ სჯეროდათ, თავად „როსონერიც“ სეზონს არაკონკურენტუნარიანი შემადგენლობით იწყებდა. სიტუაცია აგვისტოს ბოლოს გამოსწორდა: გალიანიმ იჯარით იბრაჰიმოვიჩი მიიყვანა, სამ დღეში რობინიო გაიფორმა. მანამდე კი საკვანძო ტრანსფერი მოხდა, რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს: ინგლისიდან კევინ-პრინც ბოატენგი ჩავიდა.
მეორე პოტენციური პრობლემა მწვრთნელი იყო. გამოუცდელი მაქს ალეგრი პროვინციებში მუშაობდა, წინა სეზონში „კალიარისთან“ ერთად მე-16 ადგილი დაიკავა და მარიონეტი ეგონათ, თუმცა მალევე დააყენა საკითხი მისებურად. როდესაც ბერლუსკონიმ ჩასუქებულ რონალდინიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა და პრესის საშუალებით შემტევი ფეხბურთი მოითხოვა, ალეგრიმ ყველაფერი თავის გემოზე გააკეთა: რონალდინიო თადარიგში გადაიყვანა და ფრთხილი და მკაცრი ფეხბურთი დანერგა (24 გაშვებული გოლი).
„მილანის“ 4-3-1-2 სქემაში პირლო და რონალდინიო ძირითადში არ იყვნენ. პირლო კონკურენციაში იყო ამბროზინისთან, 4 თვე ტრავმის გამო გაუცდა და დაბრუნებულმა სასტარტოში ახალწვეული ვან ბომელი აღმოაჩინა, თვითონ კი სკამზე გადაინაცვლა. ალეგრი მას ზეედორფის ნაცვლად თამაში დაპირდა, მაგრამ ანდრეამ არაკომფორტულ პოზიციაზე ვეღარ გაქაჩა. მოკლედ, პირლოს „იუვენტუსში“ წასვლა და იქ საჩემპიონო ერის დაწყება მოუხდა. იმ პირლოს, რომლის ხელში დაკარგა კიდეც წელს „იუვემ“ პირველობა.
ცენტრალურ პოზიციებზე ალეგრი დაცვით მოთამაშეებს ანიჭებდა უპირატესობას, განსაკუთრებით კარგი ბოატენგი იყო. კრეატივზე პასუხისმგებელი 35 წლის ზეედორფი გახდა, რომლის აღარ სჯეროდათ, მაგრამ მან პირლოსაც აჯობა და მშვენიერი სეზონიც ითამაშა.
***
31-ე ტურის გადამწყვეტ მატჩს „ინტერი“ შესანიშნავ ფორმაში შეხვდა – თვენახევარი წაგებული არ ჰქონდა, „მილანმა“ კი ბოლო ორ მატჩში „ბარისთან“ და „პალერმოსთან“ მხოლოდ 1 ქულა აიღო. თანაც იბრა მოისაკლისა, შვედს 3-მატჩიანი დისკალიფიკაცია ჰქონდა.
„როსონერის“ საქმე კარგად არ მოჩანდა, მაგრამ ალეგრიმ გაანადგურა მეტოქე. „მილანმა“ სამჯერ მეტჯერ დაარტყა კარში, აკონტროლებდა თამაშს, ჯობნიდნენ ორთაბრძოლებში და შედეგიც სახეზე იყო – 3:0 (პატო, პატო, კასანო).
ერთ თვეში „მილანი“ ჩემპიონი გახდა.
***
„იუვენტუსი“ საერთოდ მე-7 ადგილზე გავიდა, მისი აუტსაიდერებსაც არ ეშინოდათ. სამაგიეროდ მეორე „ზებრები“ იყვნენ მაგრები – „უდინეზეში“ საოცრებებს ჩადიოდა ალექსის სანჩესი, რომელზეც ვინ არ ნადირობდა და მალე „ბარსელონაშიც“ აღმოჩნდა მესისთან. მან და დი ნატალემ 40 გოლი გაიტანეს და გუნდი ოთხეულში შეიყვანეს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური „ნაპოლიმ“ მოიპოვა. პრეზიდენტს არც თუ ძვირი ახალგაზრდები მოყავდა, რომლებიც მსოფლიო დონის ვარსკლავები გახდნენ. ასე აღმოჩნდნენ ნეაპოლში ჰამშიკი, ლავეცი, კავანი…
***
მოკლედ, ასეთი იყო სეზონი, როდესაც „იუვენტუსი“ ჩემპიონი ვერ გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings