in

82:76 – ესპანეთს მოვუგეთ, მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთ: მეორე ეტაპზე 2 გამარჯვებით მივდივართ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დამატებით დროში, 82:76 (სტატისტიკა) დაამარცხა და ევრობასკეტისთვის აშენებული ახალი, 10 ათასიანი დარბაზის გახსნა ზეიმად აქციაა.

დილით ვიცოდი, რომ მოვიგებდით: შეგვიძლია ერთად ბრძოლა და ერთად გამარჯვება – ეს ენით აუწერელი იყო

საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ესპანეთის ნაკრები ესტუმრა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში პირველად წააგო. მართალია, სტუმრებს „რეალისა“ და „ბარსელონას“ კალათბურთელები აკლდნენ, მაგრამ ჩვენების გამარჯვებას ეს არ აკნინებს.

4 დღის წინ, უკრაინასთან რიგაში საშინელი თამაშის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდმა რეაბილიტაცია მოახდინა და თავისი ძალა დაამტკიცა.

გამარჯვება გუნდურად მოვიდა, ყველამ მაქსიმუმი გაიღო, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და მადლობა და ქება ყველას ეკუთვნის.

ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრები იგებდა 3 ქულით და ესპანელებმა ჯერ სირენამდე 28 წამით, შემდეგ კი 24 წამით ადრე სამქულიანები ააცილეს. ორივე შემთხვევაში ბურთი სტუმრებმა მოხსნეს და ბრიზუელამ, ისე რომ მეურვე “ხელზე ეჯდა”, ურთულესი, გამთანაბრებელი სამქულიანი ჩააგდო.

ჩვენს ნაკრებს შესატევად 18 წამი ჰქონდა, თუმცა თორნიკე შენგელიას გამარჯვების ბურთი საფინალო სირენის თანხლებით მიზანს ოდნავ ასცდა. 67:67 და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ესპანელები სამჯერ დაწინაურდნენ. მთავარი დარტყმა ესპანელებმა 21 წლის რატი ანდრონიკაშვილისგან მიიღეს, რომელმაც მაკფადენის პასი სამქულიანად აქცია, შემდეგ კი ფერან ბასასს ჩაუჭრა და სწრაფი შეტევა დამაწინაურებელი ორქულიანით დაასრულა – 74:73. დარბაზიც ახმაურდა – რა-ტი, რა-ტი!

ესპანელებმა ისევ სამქულიანით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ რაც ბასასმა ააცილა, ისევ ანდრონიკაშვილმა ჩააგდო  და უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მიითვალა, რითაც საქართველო დასრულებამდე დარჩენილი 2 წუთით ადრე 77:74 დააწინაურა. ესპანელებმა ისევ დაძაბეს ვითარება, როცა ჟოელ პარამ ორქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონების მოწადინებას თად მაკფადენმა დაუსვა წერტილი, რომელმაც თორნიკე შენგელიას პასს სამქულიანი მოაყოლა და საქართველო 80:76 წინ გაიჭრა.

ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა და ახალაშენებულ “თბილისი არენაში” მსოფლიო ჩემპიონის დამარცხებით გამოწვეულმა ემოციებმა იფეთქა.

საუკეთესო მატჩი ჩაატარა ანდრონიკაშვილმა, რომელმაც 17 ქულა, აქედან 8 – ოვერტაიმში ჩააგდო. შეცდომების მიუხედავად, შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია – 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა. სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი – 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება. 3 დაფარებით გამოირჩა და გუნდს პლუს 5 ქულა და 4 მოხსნაც შეაშველა ბექა ბექაურმა, რომელიც ლატვიაში არ იმყოფებოდა და განაცხადში გოგა ბითაძის ადგილი დაიკავა. გამოსარჩევია მაკფადენის 16 ქულა და 8 პასი, ასევე დუდა სანაძის 2 მნიშვნელოვანი 3-ქულიანი და ჯამში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა დაასრულა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 მოგება, 2 მარცხი. ჩვენს ნაკრებს მეორე ეტაპზე ესპანეთთან და უკრაინასთან მოპოვებული 2 გამარჯვება მიჰყვება. ჩვენი ჯგუფის დარჩენილი ბოლო შეხვედრა 7 ივლისს, უკრაინასა და ესპანეთს შორის, რიგაში გაიმართება. უკრაინელთა გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამივე ნაკრებს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს 2-2 გამარჯვება გაჰყვებათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერიკსენი მანჩესტერში გადავიდა, არსენალმა ჟეზუსი წარადგინა და რონალდოს წასვლა სურს: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

დილით ვიცოდი, რომ მოვიგებდით: შეგვიძლია ერთად ბრძოლა და ერთად გამარჯვება – ეს ენით აუწერელი იყო