საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციოს ბოლო ფანჯრის ფარგლებში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 2 მატჩს გამართავს – 21 თებერვალს თბილისში დანიასთან და 24 თებერვალს ბელგრადში, სერბეთთან.
პირველი მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: დანიის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს და კონტინენტის მთავარ საკალათბურთო ფორუმზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. მარცხი კი ფაქტობრივად შანსის დაკარგვაა, რადგან დანიის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს თავზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებით. ბოლო მატჩი სერბეთში რომც მოვიგოთ, თუ დანია შინ ფინეთს მოუგებს, ევრობასკეტზე სერბეთთან და ფინეთთან ერთად გავა. ამ უკანასკნელს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო გარანტირებული აქვს.
შესაბამისად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მთავარი სამიზნე დანიასთან 21 თებერვლის მატჩია, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები მზადებას 10 თებერვლიდან დაიწყებს. ფიბა-ს კალენდრით, საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარა 17 თებერვლიდან დაიწყება და ჩვენი ლეგიონერების უმეტესობაც ნაკრებს ამ დღეს შემოუერთდება. 10 თებერვლიდან კი ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, თბილისი არენაზე, სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ.
ალეკსანდარ ჯიკიჩს ახალი არავინ გამოუძახებია. გაფართოებულ შემადგენლობაში მთლიანობაში 20 კალათბურთელია – 7 ლეგიონერი (თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, მათე ხატიაშვილი) და 13 სუპერლიგის მოთამაშე (კახა ჯინჭარაძე, ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ყავლაშვილი, სანდო სანაძე, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, ივანე მეგენეიშვილი, გეგი ბაქრაძე).
ნაკრების მთავარი მწვრთნელი 17 თებერვალს იმ 14 კალათბურთელს დაასახელებს, რომელთაგანაც დანიასთან და სერბეთთან მატჩების შემადგენლობები დაკომპლექტება. ნაკრები 17 თებერვლიდან გენერალურ შეკრებაზე გადავა – სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” იცხოვრებს და თბილისი არენაზე ივარჯიშებს.
დანიასთან მატჩი თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება, ხოლო 22-ში, 17:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ბელგრადში ჩარტერული რეისით გაემგზავრება, სადაც 24 თებერვალს სერბეთის ნაკრებთან ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს.
დანიასთან მატჩის ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაწყებულია TKT.GE-ზე.
GIPHY App Key not set. Please check settings