ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაიწყო. პირველ ორ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს და ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. უფრო ძლიერმა გუნდებმა მოიგეს, თან სტუმრად და ¼ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
„ლაიპციგმა“ „რეალს“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, უკვე მე-2 წუთზე გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. არჩათვლილ გოლს გარჩევები მოჰყვა, ბევრი მიიჩნევს, რომ უნდა ჩათვლილიყო. ესპანელებმა მეტოქის იერიშები მოიგერეს და შესვენების შემდეგ ბრაიმ დიასმა დიდებული გოლით დააწინაურა და მოაგებინა „რეალს“. მან ეს გოლი ტრავმირებულ ჯუდ ბელინგემს მიუძღვნა.
„სიტიმ“ დანიაში „კოპენჰაგენი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ ყოფილა დავით ხოჭოლავა, რომელმაც ოპერაციის შემდეგ ვერა და ვერ დაბრუნდა.
ლაიპციგი – რეალი 0:1
გოლი: 0:1 ბრაიმ დიასი (48)
„რეალმა“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 17:7. ასეთი სერია გუნდს 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.
ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი ჩაატარა.
როდრიგომ „რეალში“ მეორასედ ითამაშა – 50 გოლი და 36 საგოლე პასი.
„რეალის“ მეკარემ ანდრეი ლუნინმა ცხრა დარტყმა მოიგერია. აქამდე მადრიდელთა მეკარეებიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცხრა მოგერიება ტიბო კურტუას ჰქონდა – 2022 წელს ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ.
კოპენჰაგენი – სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინი (10), 1:1 მატსონი (34), 1:2 ბერნარდო სილვა (45+1), 1:3 ფოდენი (90+2)
„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდივე შეხვედრაში გაიმარჯვა.
„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ეს რეკორდია ინგლისური კლუბებისთვის.
„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 7 მატჩში 3+ გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ შვიდ მატჩში, მინიმუმ, სამი გოლი გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მანჩესტერელებმა ორჯერ მოუგეს „ცრვენა ზვეზდას“ (3:1, 3:2), „ლაიპციგს“ (3:1, 3:2) და „იანგ ბოიზს“ (3:1, 3:0).
დე ბრუინმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 15 გოლიდან 12 (80 პროცენტი) პლეი ოფში გაიტანა.
დე ბრუინი მეოთხე ფეხბურთელია, ვინც 2019/20 წლების სეზონიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში, სულ მცირე, 10 გოლი გაიტანა. უფრო მეტი აქვთ გატანილი ქარიმ ბენზემას (17), ერლინგ ჰოლანდს (13) და რობერტ ლევანდოვსკის.
დე ბრუინმა და ბერნარდო სილვამ ბოლო 10-10 გოლი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გაიტანეს.
ფილ ფოდენი (23 წლის და 261 დღის) არის ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ვინც ჩემპიონთა ლიგაში 50-მატჩიან ზღვარს მიაღწია.
GIPHY App Key not set. Please check settings