საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა.
გამთენიისას ჩამოვიდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა:
„პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
უკვე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
„ძალიან მაგარი ემოციები და შეგრძნებაა, რომ ამდენი მაგარი ხალხი დაგვხვდა. ბევრი დამარცხება იყო, ბევრი გამარჯვებაც იყო, მაგრამ ბოლოს ისეთ თამაშებზე წამის მეათეში დავმარცხდი, ამჯერად შევძელი და გამოვასწორე. მადლობა ღმერთს, რომ კარგად დამთავრდა. ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ. მინდა, ქართველ ხალხს ეს გამარჯვებები მივულოცო. ჩვენ ყველთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, მაქსიმუმი დავდოთ ასპარეზობაზე და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის დროშა“.
გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა:
„მიულოცავ მთლიანად საქართველოს, ქართველ ხალხს. ამდენი მედალი დიდი რაღაცაა ასეთი პატარ ქვეყნისთვის. ჩემი შედეგით კმაყოილი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური მედალი ოცნებაა და ისტორიაა. თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ოქროს მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო“.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
მედლების საერთო ჩათვლაში შეერთებული შტატები პირველ ადგილზე გავიდა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქროს, 44 ვერცხლისა და 42 ბრინჯაოს მედალია. აშშ-ს ოდნავ ჩამორჩა ჩინეთი (40 ოქრო, 27 ვერცხლი, 24 ბრინჯაო).
პარიზი 2024-ის დასრულების შემდეგ მსოფლიო მედია ოლმპიადის განსხვავებულ სტატისტიკაზე წერს, რაც ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობას გულისხმობს.
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს.
ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლები რაოდენობით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ათი ქვეყანა „ევროსპორტის“ მიხედვით (პარიზი 2024):
დომინიკა – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (67,000)
სენტ-ლუსია – ოქროს მედალი (1), მოსახლეობა (184,000)
ახალი ზელანდია – ოქროს მედალი (10), მოსახლეობა (5,338,000)
ბაჰრეინი – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (1,701,575)
სლოვენია – ოქროს მედალი (2), მოსახლეობა (2,123,000)
ნიდერლანდები – ოქროს მედალი (15), მოსახლეობა (17,977,000)
საქართველო – ოქროს მედალი (3), მოსახლეობა (3,694,600)
ირლანდია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5,281,600)
ნორვეგია – ოქროს მედალი (4), მოსახლეობა (5,562,363)
ავსტრალია – ოქროს მედალი (18), მოსახლეობა (27,364,621)
საინტერესოა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ოქროს მედლების რაოდენობით შეერთებული შტატები 34-ე პოზიციაზეა, ჩინეთი – 51-ზე.
საქართველოს დელეგაციამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე არაერთი უზარმაზარი სახელმწიფოს მონაგარი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის ორ მილიარდ ადამიანს აღწევს.
ინდოეთი – მოსახლეობა (+1,428 მილიონი), ოქროს მედალი მედალი (0)
პაკისტანი – მოსახლეობა (+241 მილიონი), ოქროს მედალი (1)
მექსიკა – მოსახლეობა (+129 მილიონი), მედალი (0)
ეგვიპტე – მოსახლეობა (+107 მილიონი), ოქროს მედალი (1)
თურქეთი – მოსახლეობა (+85 მილიონი), ოქროს მედალი (0)
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings