წლიდან წლამდე, ფეხბურთში სულ უფრო მეტი ფული ბრუნავს, რაც პირდაპირპროპორციულად იწვევს ინფლაციას და ამის გამოისობითაა, რომ მოთამაშეების ფასი მკვეთრად არის გაზრდილი. სტატიაში წარმოგიდგენთ გასული 21/22 სეზონის 10 ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს და რა მოახერხეს მათ სადებიუტო სეზონში. ცხადია, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა სტატისტიკაში ვერ მოხვდება.
10) ტამი აბრაჰამი
ერთადერთი მოთამაშე, რომელიც სერია ა-ს წარმოადგენს, რაც ადასტურებს, რომ იტალიურ კლუბებს ფულის სერიოზული დეფიციტი აქვთ.
აბრაჰამის ჰეროიკული პერფორმანსი დერბი „დელა კაპიტალეში“, აღმართული კონფერენს ლიგის თასი და ყველა ტურნირზე გატანილი 27 გოლი და საუთგეითის ნაკრებში მოხვედრა ადასტურებს, რომ მის სანაცვლოდ გადახდილი 36 მილიონი გირვანქა გამართლებულია. საქებარი სამუშაო, რომელიც ჟოზე მოურინიომ გასწია, რადგან ტამის 2 წლისწინ „ჩელსიში“ მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ გაუფერულდა. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ „რომას“ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და რომაელები მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებენ.
9) იბრაჰიმა კონატე
მორიგი შთამბეჭდავი სამუშაო მაიკლ ედვარდსისგან. 36 მილიონ გირვანქად შეძენილმა 23 წლის იბუმ, მშვენიერი სეზონი გამოაცხო.
თავდაპირველად, მას ძირითადში მოხვედრა უჭირდა, რადგან ერთი კონკურენტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია ვან დაიკის სახით, მეორე კი გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ჟოელ მატიპი.
კლოპმა გამოსავალს მიაგნო- იბუ ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე იტვირთებოდა და მანაც ჩინებული მატჩები ჩაატარა. „ბენფიკას“ ორივე შეხვედრაში გაუტანა და თავი არსად შეურცხვენია. მისი ახალგაზრდულ იასაკის გათვალისწინებით, „ლივერპულმა“ მინიმუმ 10 წლით გადაჭრა ცენტრალური მცველის საკითხი.
8) რაფაელ ვარანი
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რაფას სანაცვლოდ, დაახლოებით 38 მილიონი გირვანქა გადაიხადა. მოთამაშე, რომელმაც 4 ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა „რეალთან“ ერთად, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და სტაბილურობით გამოირჩევა, დაახლოებით 20 წლის ასაკიდან, გასულ სეზონში შთამბეჭდავი პერფორმანსები ვერ შემოგვთავაზა. რიგ შემთხვევაში ტრავმიანობამ იჩინა თავი, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველი სეზონი პრემიერ ლიგაში აკლიმატიზირებისათვისაა საჭირო.
არადა, როცა ის და მაგუაიერი ჯანმრთელად იყვნენ, „ემიუს“ დაცვა ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა მთლიანობაში მოლოდინი ჯერ ვერ გაამართლა.
7) დაიოტ უპამეკანო
გასაოცარი ამბავია, როგორ ახერხებს „ბაიერნი“ კონკურენტთა ხარჯზე საზრდოობას. ეს ტენდენცია გუშინ არ დაწყებულა და უპამეკანო კიდევ ერთი მაგალითია. „რეკორდსმაისტერმა“ გასულ ზაფხულს მისი გამოსასყიდი თანხა აამუშავა და 38.5 მილიონ გირვანქად „ლაიფციგი“ გაღიმებული დატოვა.
უპამეკანოს სეზონის სტარტზე არაერთი შეცდომა მოსდიოდა, მაგრამ პროცესში დაიხვეწა და მშვენიერი ფორმა აკრიფა. ის, მხოლოდ 23 წლისაა და ამიტომაც სადებიუტო სეზონით მსჯელობა დიდად არ ღირს. თან, ის ალაბასა და ბოატენგის ჩამნაცვლებლად მივიდა.
6) ფერან ტორესი
„ბარსამ“ ტორესი დეკემბერში „სიტიდან“ შეიძინა და 40 მილიონიც გადაიხადა. რაოდენ საკვირველია, იმ პერიოდში გუნდები კოვიდმა ჩამოაქცია და „სიტის“ ერთადერთი ტრავმირებული მოთამაშე, სწორედ ტორესი იყო, რომელშიც 40 მილიონი გამოიმუშავეს. ყოცაღ, სორიანო!
რაც შეეხება ტორესის ნახევარგანაკვეთიან კატალონიურ სეზონს, 22 წლის ესპანელმა ყველა ტურნირზე 6 გოლი და ამდენივე ასისტი დააგროვა, მაგრამ ექსპერტებს განცდა შეექმნათ, რომ ეს ტორესის შესაძლებლობების ნახევარია და სტაბილურად თავის წარმოჩენაში რაღაც ხელს უშლის.
5) ბენ უაითი
ბენის სანაცვლოდ, „არსენალმა“ „ბრაიტონს“ 53 მილიონი გირვანქა გადაუხადა. 24 წლის მცველის მიმართ დიდი ზეწოლა იყო, რადგან ამხელა თანხა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, თან „ბრაიტონის“ დარი გუნდიდან, სახუმარო არ არის.
ის ჩუმად შეუდგა შრომას და მშვენიერი პერფორმანსით ბევრი დაადუმა. ვერ ვიტყვით, რომ შეუცდომელი გახლდათ ანდაც სტაბილურობას ასხივებდა, მაგრამ მისი და მაგალიაესის დუეტმა ჩინებული მატჩები გამოაცხო და მასში გადახდილი აურაცხელი თანხა ბევრს მიავიწყდა კიდეც.
4) აშრაფ ჰაკიმი
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ „პსჟ“-დან ამ სიაში მხოლოდ ჰაკიმი მოხვდა. გუნდმა მესი, რამოსი და დონარუმა დაიმატა, მაგრამ იმ შემთხვევებში ფასი აგენტის საკომისიომ გაბერა, ხოლო წმინდა სატრანსფერო თანხით, სიაში ჰაკიმი მოხვდა, რომლის სანაცვლოდაც პარიზელებმა 54 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
აშრაფი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩინებული სეზონიც ჩაატარა, მაგრამ „პსჟ“ ისევ ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას…
3) ჯეიდონ სანჩო
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც სიაში 2 წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა, ალბათ სეზონის მთავარ იმედგაცრუებათა ნუსხაში წითლებს ვერავინ შეეცილება.
76 მილიონი გირვანქა სანჩოს სანაცვლოდ კარგი ვარიანტი იყო, რადგან „დორტმუნდი“ 100 მილიონს კაპიკს არ აკლებდა, მაგრამ „მანჩესტერელებმა“, თითქოს სანჩო იაფად შეიძინეს. ჰქონდა მომენტები, როცა დიდებული კლასი ეტყობოდა, მაგრამ მთლიანობაში მისი სეზონი ჩაგდებულია. ეს მწერლის სუბიექტური აზრი არ გეგონოთ, გადახედეთ ბრიტანულ პრესას, ექსპერტთა თუ მწვრთნელთა აზრებს და მიხვდებით, ჩვენ მიერ ნათქვამი ეს სიტყვები სად პოულობს შთაგონებას.
ახლა იმედი ერიკ ტენ ჰაგია, რადგან ამ კაცს ტალანტების ათამაშება განსაკუთრებით ხიბლავს…
2) რომელუ ლუკაკუ
ამ მოთაშის ბიოგრაფიას წარსდგენა არ სჭირდება. „ჩელსიმ“ მის სანაცვლოდ 103.5 მილიონი გირვანქა გადაიხადა და სანაცვლოდ 11 გატანილი ბურთი და ლუკაკუს წუწუნი მიიღო, რომ მას „ინტერში“ სურდა დაბრუნება. ბელგიელმა თავისი გაიტანა და 1 წლიანი იჯარით „ნერაძურის“ დაუბრუნდა.
გასულ სეზონს რაც შეეხება, პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე „კრისტალ პალასთან“ ბურთს სულ 7-ჯერ შეეხო. მოკლედ, ლუკაკუმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო.
1) ჯეკ გრილიში
პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. „სიტიმ“ მის სანაცვლოდ 105 მილიონი გირვანქა გადაიხადა, მაგრამ გზად ბევრ სირთულეს წააწყდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გვარდიოლას გრილიშის ღიად დაცვა მოუწია: ის გოლების გასატანად არ მომიყვანიაო.
დიდებული ტექნიკის პატრონია ჯეკი, მაგრამ ფაქტი, რომ ამპლუით მარცხენა ვინგერია მისგან გოლების საჭიროებას წარმოშობს. 26 წლის ინგლისელმა ყველა ტურნირზე 6 გოლის გატანა მოახერხა. ისე, გვარდიოლას სპეციფიურ სტილთან შეგუებას დრო ნამდვილად სჭირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings