ესპანურმა კლუბმა, „რეალ მურსიამ“ კიდევ ერთი ქართველი ნიკა ჯამასპიშვილი დაიმატა – საქართველოს პირველ არხთან ამის შესახებ საფეხბურთო მენეჯერმა, ილია სარალიძემ განაცხადა.
„ნიკა ჯამასპიშვილი 18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელია. რომელიც „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა. ეს ტრანსფერი ძალიან სწრაფად გადაწყდა და „რეალ მურსიაში“ წავიყვანეთ.
ნიკა ცენტრალური თავდამსხმელია, მისი სიმაღლე 1,93 მეტრია, რაც თავდამსხმელისთვის დიდი უპირატესობაა. მისი პლუსი ისაა, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს.
მან „რეალ მურსიასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ტრანსფერში ცნობილ ესპანელ მენეჯერთან, ანტონიო ლოპესთან ერთად ჩემი ძმა, ლევან სარალიძე და მე ვმონაწილეობდით. მიხარია, რომ ევროპაში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობა კიდევ ერთ ქართველ ბიჭს გაუჩნდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ილია სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ამავე მენეჯერებმა „რეალ მურსიაში“ მარტვილის „მერანიდან“ ასევე ნიჭიერი მეკარე საბა ქაჯაია წაიყვანეს.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings