in , ,

10 ქულა 10 დღეში, ერთპიროვნული ლიდერობა და რიგები სალაროებში: კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება რწმენით აღსავსე ქართულ ფეხბურთში

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხშირად არ ყოფილა, რომ ეროვნულ ნაკრებს 90 წუთის განმავლობაში ძალიან ღრმა დაცვით ეთამაშნენ. ცხადია, ფარერის კუნძულები, გიბრალტარი და ანდორა იშვიათი გამონაკლისები იყვნენ, მაგრამ ჩვენი სწორება ამ ქვეყნებზე არ გადის.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთისას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. ავადსახსენებელი ავარიისა და დროებითი მთავარი მწვრთნელის გათვალისწინებით, სტუმარი გუნდი არასახარბიელო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც პირთამდე შევსებული „დინამო არენას“ ტრიბუნებიც შეგვიძლია მივამატოთ. ყველაფრის მიუხედავად, ბულგარელებმა მშვენიერი დაცვითი პერფორმანსი შემოგვთავაზეს და შინ გოლგაუშვებლად მიემგზავრებიან.

სანიოლმა მაკედონიური ვოიაჟის შემდეგ ერთბაშად 7 ცვლილება გამოიყენა, თუმცა შემადგენლობას დიდად გადახალისებულს ვერ ვუწოდებთ. კარს გიორგი ლორია დაუბრუნდა, დაცვის ცენტრში ხოჭოლავა, კაშია და აი ლაშა დვალის სასტარტოში გამოჩენა ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო, მაგრამ გრძელი პასების გარდა, დიდად ქართველ მცველს საქმეში ჩართვა არ დასჭირვებია. ფლანგებზე მარჯვნივ საბა ლობჟანიძე, მარცხნივ ირაკლი აზაროვი, რომელიც პირველი ნახევრის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. საყრდენ ზონას ნიკა კვეკვესკირი და ანრი მექვაბიშვილი განაგებდნენ შემტევი ტრიო კი ყაზაიშვილმა, კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ დააკომპლექტეს.

ქართველებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და უკვე მესამე წუთზე მსაჯს პირველი საორჭოფო მომენტიც შეექმნა. საჯარიმოში შეჭრილ კვარაცხელიას მეტოქე გუნდის მცველი ინერციით შეეჯახა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ამ ეპიზოდს 54 000 გულანთებული ქომაგის ყიჟინაც დაერთო და სანიოლის ბიჭები შეტევას შეტევაზე აწყობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 8 მოწოდებული კუთხური, უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა და პრაქტიკულად უსაქმოდ მყოფი გიორგი ლორია. ასეთი იყო შეხვედრის პირველი ნახევარი.

მეორე ნახევარში მოწინააღმდეგემ კიდევ უფრო გაამკაცრა დაცვითი ზღუდეები და შექმნილი მარწუხებიდან ხეირის მიღება ჭირდა. ჩინებული შანსი ჰქონდა კვარაცხელიას. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შემტევა გოლის გატანა მოხდენილად, თავზე გადაგდებით სცადა, თუმცა მეკარის როლი მცველმა შეითავსა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტს ჩაწოდება და 5 მეტრიდან მიქაუტაძის თავური მოჰყვა, მაგრამ მეკარე მიხაილოვი გაუვალი აღმოჩნდა.
მატჩის მიწურულს სტუმრებმა ბურთის გაკონტროლება და დროის ამ მეთოდით გაყვანა სცადეს, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც. გალაბოვისა და ჩორბაძისკის დაცვითმა ტანდემმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად რამდენიმე პოზიციური ჩავარდნისა, აურაცხელი რაოდენობის ჩაწოდებებს გაუმკლავდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი დაცვა, ოღონდ არა დაცვითი პერსპექტივით. გურამ კაშიასა და დავით ხოჭოლავას გრძელი პასები თვალშისაცემი მოვლენა გახლდათ. მთლად ფილიგრანულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ჩვენმა ცენტრალურმა მცველებმა არაერთგზის გამოიჩინეს ამ მხირვ თავი. ესეც მორიგი პოზიტივი.

ნამატჩევს ვილი სანიოლმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„დღეს ძრავში საწვავი არ გვეყო. მათმა მეკარემაც კარგად ითამაშა. პირველ წუთებზე ხვიჩას მომენტი და არბიტრის გადაწყვეტილება… დღეს ფრუსტრირებულები ვართ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველანი ვიტყოდით, რომ გვქონდეს 10 ქულა და გვქონდეს ეს გრძნობა. იმედგაცრუება მეტი მუშაობის და მეტი ფიქრის მოტივაციას გაძლევს“.

მოკლედ, 10 დღეში მეოთხე მატჩის კვალობაზე ურიგო რეზულტატი არ არის. რაოდენ მძიმე ვითარებაშიც არ უნდა იყოს ბულგარული ფეხბურთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტებზე ვსაუბრობთ. შეხვედრის მიწურულს მეტად სახასიათო ეპიზოდი ვიხილეთ. მოედნის ცენტრთან სტუმრებმა ბურთის გათამაშება სცადეს, ძვირფასი წამები მოიგეს, თუმცა ბურთი უმალ ჩვენს ნახევარზე, უმისამართოდ გადმოჰკიდეს. ისინი 0:0-ზე ყაბულს იყვნენ და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ღრმა დაცვაში ჩადგომა აიძულა! როდის ნახეთ ბოლოს მსგავსი?!

საიდან დაიწყო მოგზაურობა. იქ, სადაც დღეს ვიყავით. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები გიბრალტართან მშვენივრად მოითელა. კარგი იყო ანგარიშიც და თამაშის ხარისხიც, რაც 4 გატანილ გოლში ითარგმნა, თუმცა გიბრალტარზე სწორებას ვერ გავაკეთებთ და, შესაბამისად, ბულგარეთთან გასვლით მატჩს გაცილებით რთულად აღვიქვამდით.


ისე გამოვიდა, რომ სანიოლის გუნდმა ბულგარეთს კიდევ უფრო მარტივად აჯობა. 2:0 ვიგებდით, ერთხელ ჩავარდა დაცვა და ბულგარელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, აქამდე რომ არ ვიყავით ნაჩვევნი. ჩვენი ნაკრები წამოვიდა და ლამის შემდეგ შეტევაში გოლი გაიტანა. იყო გაცუდებული პენალტიც და ჯამში 5:2. იმ მატჩთან შედარებით, დღეს 5 ცვლილება ვნახეთ. ძირითადში არ ყოფილან დავითაშვილი, ზივზივაძე, კვირკველია, აბურჯანია და კაკაბაძე. დღეს სანიოლმა მარჯვენა ფრთა უფრო შემტევი გახადა, რადგან საბა ლობჟანიძე იყო მარჯვენა ვინგ ბექი. რაზგრადში კი მარჯვნივ კაკაბაძე იდგა, რომელიც ბოლო პერიოდში მარჯვენა ცენტრალურ მცველადაც ხშირად გვევლინება.

ხარისხობრივად, ყველაზე რთული ტაიმი, ალბათ, სკოპიეში გამოვიდა. პირველ ნახევარში ქართველები ვერაფერს უპირისპირებდნენ მასპინძელთა მაღლა ამოწეულ პრესინგის ხაზს და უხეშობის ზღვარზე შესრულებულ ვარდნებს. კვარაცხელიაც, თითქოს ფარდის მიღმა იყო და რიხიანად არაფერი გამოდიოდა. მეორე ნახევარში კი სრული მეტამორფოზა და სამგზის დამწუხრებული მაკედონია ვიხილეთ. ბუდუ, ხვიჩა და ბოლოს ოთარ კიტეიშვილი. თან, მესამე გოლი ჯარიმიდან გავიტანეთ. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებისათვის აქილევსის ქუსლად ქცეული მდგომარეობიდან.


რა გასაკვირია, რომ გიბრალტართან სანიოლმა 4 მცველით ითამაშა. ყველა სხვა შემთხვევაში გუნდი 5 მცველით გამოვიდა. ბულგარეთთან მატჩში, განსაკუთრებით, გამოიკვეთა, რომ კაკაბაძე ცენტრალური მცველი არ არის. მისი განტევების ვაცად ქცევის ნება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ბულგარელებმა ორჯერ ჩააწოდეს და რეალიზების 100% იანი მაჩვენებელი ჰქონდათ. კაშია და ხოჭოლავა უცვლელ ტანდემად ჩამოყალიბდა. ისევე, როგორც საყრდენ ზონაში ნიკა კვეკვესკირი და შეტევაში კვარაცხელია. დანარჩენი ყველა მოთამაშე მატჩის ზოგადი სურათიდან გამომდინარე როტაციაში არიან მოქცეული. მაგალითისთვის მარცხნივ დღეს აზაროვი იყო, სკოპიეში წიტაიშვილი, რაზგრადში აზაროვი და გიბრალტართან წიტაიშვილი. სასიამოვნოა, რომ ვილი სანიოლს არჩევანი აქვს. თუკი სხვა ფორმაციის ნაკრებში იყვნენ ჩაუნაცვლებელი მოთამაშეები, დღეს ეს შეცვლილია. ლორია თუ შესაცვლელი გახდა, მამარდაშვილზე უკეთესი ვინ უნდა ინატრო? დაცვაშიც, კაშია, ხოჭოლოვა კვირვკველია, კაკაბაძე და დვალიც. მარჯვნივ გააჩნია მოცემულობას. კაკაბაძე მუდმივად ვარიანტია. თუ უფრო შემტევი ყაიდის მოთამაშეა საჭირო, მაშინ ლობჟანიძის ვარიანტია რეალური, როგორც დღეს იყო. წინ ხომ საერთოდ, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე, მიქაუტაძე, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი… მოკლედ, 29-კაციან შემადგენლობაში ფორმალურად არავინ წერია.


4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. სანიოლის გუნდს 10 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს. პარალელურად მაკედონიელებმა გიბრალტარი 4:0 დაიბრიყვეს.
შემდეგი გაჩერება 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია. გამარჯვების საფასური ჯგუფში ნაადრევი გამარჯვებულის გამოვლენაა, მაგრამ ჩვენ მაკედონიასთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი, პირთამდე შევსებული „დინამო არენას“ ფონზე. ვინ იცის… ეს უკვე ჩავლილი ამბავია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესო კვარაცხელია – ქართველ ფეხბურთელთა შეფასებები ბულგარეთთან მატჩში

შენგელიას 22 ქულა: ვირტუსმა ფინალში გაათანაბრა – ასე უნდა გავაგრძელოთ