ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე მეტი – 10 ლელო გაუტანა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 62:32 დაამარცხა.
ესპანეთთან აქამდე გამართულ 25 თამაშში ყველაზე მეტი – 9 ლელო 2011 წელს გვქონდა გატანილი და მაშინ სარეკორდო სხვაობით, 60:0 მოვიგეთ. 2013 წელს მასთან უკვე 61 ქულა გავაკეთეთ (გავიტანეთ 8 ლელო), თუმცა თავად 18 მივიღეთ. 26-ე თამაშში გავაუმჯობესეთ როგორც ერთ მატჩში აღებული ქულების, ასევე გატანილი ლელოების მაჩვენებლები, თუმცა თავადაც საკმაოდ ბევრი, 32 ქულა მივიღეთ.
ათიდან ორი ლელო აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, რითაც ის მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შევიდა. 27 წლის ქართველი ლელოების მანქანის ანგარიშზე უკვე 46! ლელოა (49 თამაშში), რითაც მან გადაასწრო ბოდენ ბარეტს და გაუთანაბრდა ახალ ზელანდიელებს – ჯულიან სავეას, კრისტიან კულენს და ჯო როკოსოკოს. ტაბუცაძე ერთი ლელოთი ჩამორჩება მე-9 ადგილზე მყოფ ირლანდიელ ლეგენდა ბრაიან ო’დრისკოლს.
ესპანეთს 3 ლელო გაუტანა 22 წლის დავით ნინიაშვილმა, რომელმაც ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნა და პირველად დაიწყო თამაში მგეზავის პოზიციაზე. პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ, ხოლო დაჩი პაპუნაშვილმა, რომელმაც 4 გარდასახვა გამოიყენა, ნაკრების კვართით პირველი ქულები მოიხვეჭა. ესპანელებს ლელოები გაუტანეს ილია სპანდერაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ, ვანო კარკაძემ და ლუკა ჯაფარიძემ.
ამ მოგების შემდეგ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფი ქულათა მაქსიმუმით (15) დაასრულეს, რითაც 1 ან 2 მარტს გასამართი ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება მიიღეს. ორი კვირის თავზე თბილისში რუმინეთი გვეწვევა, რომელსაც პორტუგალიამ სტუმრად 34:6 მოუგო და თავის მხრივ ბ ჯგუფში 15 ქულა მოაგროვა, რუმინეთი კი მეორე ადგილზე დარჩა.

სრული კონტროლი
მადრიდში, „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ გამართულ მატჩს სტუმრები სრულად აკონტროლებდნენ. ესპანელები მცირე სხვაობას მხოლოდ საწყისი 20 წუთის განმავლობაში ინარჩუნებდნენ და თამაშის არევა რამდენჯერმე სცადეს, რასაც ჩვენს რიგებში 3 ყვითელი ბარათი მოყვა და დასკვნითი 20 წუთი კაცნაკლულებმა ჩავამთავრეთ, მაგრამ იმ დღეს საქართველოს შეტევაში ყველაფერი გამოსდიოდა.
ბორჯღალოსნებმა თამაში მობილიზებულად დაიწყეს, მეტოქე წნეხში მოაქციეს, დაჯარიმება აიძულეს და ილია სპანდერაშვილმა ლელოთი დაგვაწინაურა. ესპანეთმა მალევე თითქმის იმავე სტილში გვიპასუხა – ჯარიმიდან აუტში გადავიდა, დერეფანს ფორვარდების მოკლე დარტყმები და ლელო მოყვა. გარდასახვამ ძელებსშუა გაიარა და მასპინძლები ერთადერთხელ, მცირე ხნით დაწინაურდნენ.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ხელდახელ, მაღალ ტემპში თამაშით ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას და მე-15 წუთზე ლამაზი ლელო გაიტანეს. ჩვენს ნახევარზე დანიშნული შერკინებიდან შეტევის შემდეგ, პირველ ფაზაში დაახლოებით 30 მეტრი მოვიგეთ, რაქიდან გიორგი კვესელაძემ სწრაფად შეუტია, მას მარცხენა ფრთაზე ვასილ ლობჟანიძე მიყვა და ლელო გაიტანა. მე-18 წუთზე კიდევ ერთი კარგი შეტევა განვახორციელეთ, თორნიკე კახოიძემ ფრთაზე ტაბუცაძეს ოფლოუდი გაუხერხა, მანაც სისწრაფე აკრიფა და მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა.
რადგან სამივე გარდასახვა არაზუსტი იყო, ტაიმის შუაში ესპანეთმა ჩვენი უდისციპლინობით ისარგებლა და 25-ე წუთისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ერთ წუთში მძლავრი პასუხი მიიღო. კარში დასარტყმელი პოზიციიდან ბურთი აუტში გადავიტანეთ, მოლს ვანო კარკაძე დროულად მოწყდა და მისი ლელო დავით ნინიაშვილმა გარდასახა. დასკვნით 5 წუთში კიდევ ორი ლელო გავიტანეთ. ჯერ მეტოქის 22-ში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ვირჩიეთ და შეტევა ლუკა ჯაფარიძის ლელოთი დასრულდა, ბოლოს კი კარგი კონტრშეტევა განვახორციელეთ, ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და მას კარგად მიყვა ნინიაშვილი.
ნინიაშვილმა ბოლო ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 34:13 მოვიგეთ. საგულისხმოა, რომ ამ ორივე ლელოს მოედანზე გაწევ-გამოწევა მოყვა, რეფერიმ ორივე შემთხვევაში გუნდიდან თითო მორაგბე გაასინბინა და მეორე ტაიმი გუნდებმა 13-13 კაცით დაიწყეს. პირველ კონფლიქტს კვესელაძის, ხოლო მეორეს მიხეილ ბაბუნაშვილი სინბინი მოყვა.

ტაბუცაძის ათეული
მეორე ტაიმი ტაბუცაძის ინდივიდუალური, ლამაზი ლელოთი დაიწყო, რომლითაც ის მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შევიდა და წინსვლას განაგრძობს. მან ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრთან დაიჭირა, ხაზი სუფთად გაჭრა და 50-მეტრიანი რეიდი 5 ქულით დაასრულა. კარში დარტყმა დაჩი პაპუნაშვილმა გადაიბარა და პირველი სანაკრებო ქულები მოიხვეჭა.
პირველი ტაიმის მსგავსად, ესპანეთი პირველ 20 წუთში ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და გარდასახული ლელოთი სხვაობა შეამცირა, მერე კი კვესელაძემ უწყინარ სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მაგრამ ამას თამაშის მსვლელობა არ შეუცვლია, მე-60-ე წუთზე ნინიაშვილმა მცველებს მარტივად შემოურბინა და მისი ლელო პაპუნაშვილმა გარდასახა.
ორიოდე წუთში „ნინიმ“ კიდევ ერთხელ გაჭრა დაცვის ხაზი და თავისი მესამე ლელო მიითვალა. სხვაობა იმდენად დიდი იყო, თამაშმა ვარჯიშის ხასიათი მიიღო და ესპანელებმა დასკვნით წუთებში კიდევ ორი ლელო გაიტანეს, მათ შორის კი თავი ირაკლი ქვათაძემ გამოიჩინა, რომელმაც თითქმის დაკარგული ბურთი დაიბრუნა და თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიფორმა.
საქართველომ ესპანეთი 62:32 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-17-ე, მიჯრით მერვე ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს. შარშანდელის მსგავსად, ნახევარფინალში ის რუმინეთს უმასპინძლებს.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)
ა ჯგუფი. III რაუნდი. 16 თებერვალი (კვირა)
მადრიდი. ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე
ესპანეთი – საქართველო 32:62 (13:34)
საქართველო
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
10 ლელო: სპანდერაშვილი, ლობჟანიძე, ტაბუცაძე (2), კარკაძე, ჯაფარიძე, ნინიაშვილი (3), ქვათაძე
6 გარდასახვა: ნინიაშვილი (2), პაპუნაშვილი (4)
2 ყვითელი: კვესელაძე, ბაბუნაშვილი
1 წითელი: კვესელაძე
GIPHY App Key not set. Please check settings