in

ჯერ კიდევ შეიძლება… საქართველომ პირველი წააგო და ავსტრიული მატჩის იმედზეა

2025 წლის იანვარში ხორვატია, დანია და ნორვეგია ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებენ. მედლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ რაუნდში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვეს მასპინძელმა ქვეყნებმა, ასევე, ევროპის ჩემპიონატის სამმა საუკეთესო გუნდმა – საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ევროპიდან 17 ნაკრები მოსინჯავს ძალებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექვსი მონაწილე უკვე ცნობილია, 11-ის ვინაობა 12 მაისს პლეი ოფის ორმატჩიანი დუელის შედეგებით გაირკვევა.

არ არის გამორიცხული, საუკეთესოთა შორის ქართველი ხელბურთელებიც (მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, მწვრთნელები – შოთა თევზაძე, მერაბ მეტრეველი, ლევან კაკუშაძე) ვიხილოთ, რომლებმაც 9 მაისს სპორტის სასახლეში ავსტრიის ძლიერ ნაკრებს უმასპინძლეს და ორბურთიანი სხვაობით დასანანი მარცხი იწვნიეს.

საქართველო – ავსტრია 25:27 (12:12)
საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე; ცხოვრებაძე (8), დიხამინჯია (6), კბილაშვილი (5), ორჯონიკიძე (4), ლაპიაშვილი (1), არსენაშვილი (1), ხელისუფალი, რუსტამოვი, არეშიძე, გოგოლაძე, დარსანია, გოგავა, გავაშელიშვილი, სიმონია

მატჩი, რომლის ფავორიტად ავსტრია მიიჩნეოდა, სტუმრების იერიშებით დაიწყო და მესამე წუთზე ანგარიში ბილიკმა გახსნა. მალევე ჟივკოვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორამდე აიყვანა. შეხვედრის ამგვარმა მსვლელობამ მასპინძლები გამოაფხიზლა და ორი წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ცხოვრებაძის, კბილაშვილისა და ორჯონიკიძის გოლებით 3:2 დაწინაურდა.

მე-13 წუთისთვის ანგარიშში სხვაობამ სამ ბურთს მიაღწია – 7:4. მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. მართალია, პირველი ტაიმის მიწურულს ცხოვრებაძემ ისევ წინ გაიყვანა თანაგუნდელები, თუმცა 30-ე წუთზე დამბოკმა შეძლო წონასწორობის აღდგენა – 12:12.

შესვენების შემდეგ მეორე ტაიმის პირველი 5 წუთი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ქართველებისთვის: უხეში შეცდომები დაცვაში, გამოუყენებელი შანსები შეტევების დაგვირგინებისას და სტუმრებმა დროის ამ მცირე მონაკვეში ექვსი უპასუხო გოლი მიითვალეს, 18:12 დაწინაურდნენ.

მათ დიდხანს ეპყრათ ხელთ მატჩის სადავეები, მაგრამ 57-ე და 59-ე წუთებზე ტიტე კალანდაძის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანეს, რაშიც უდიდესი წვლილი ჩვენს მეკარეს მიუძღვის.

ზურაბ ცინცაძემ რამდენჯერმე მოიგერია მეტოქეთა სახიფათო ტყორცნები და გოლებისგან იხსნა თანაგუნდელები. ამიტომაც იგი სრულიად სამართლიანად აღიარეს საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ორთაბრძოლის მიწურულს მოხდა. მას შემდეგ, რაც ცინცაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ბურთს ქართველი ხელბურთელები დაეუფლნენ და მატჩის გადასარჩენად 15 წამი რჩებოდათ. საფინალო სასტვენამდე 4 წამით ადრე ჩვენების სრულიად გაუგებარი გადაცემა სტუმრებმა ჩაჭრეს, მერე კი ბოსოვიჩმა ბოლო წამზე მახვილი კუთხიდან საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა – 27:25.

მართალია, საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით დამარცდა, მაგრამ მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მოწინავე სახელბურთო ქვეყნების წარმომადგენლებთანაც შეუძლიათ უშიშრად და თანაბრად თამაში, გამარჯვებაც.

ასე რომ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დაველოდოთ 12 მაისის განმეორებით პაექრობას ავსტრიაში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მფლობელის ვინაობას დაასახელებს.

პლეი-ოფის სხვა მატჩები: საბერძნეთი – ნიდერლანდები 31:27, რუმინეთი – ჩეხეთი 31:30, ფარერები – ჩრ. მაკედონია 34:27, ესპანეთი – სერბეთი 32:28, ისლანდია – ესტონეთი 50:25, ლიეტუვა – უნგრეთი 26:33, პოლონეთი – სლოვაკეთი 28:29, სლოვენია – შვეიცარია 26:27

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს უძვირესი კლუბები: მანჩესტერი პირველია

მამარდაშვილი ნიუკასლის ძირითადში მოიაზრება