სერია ა-ში მე-4 ტურის შეხვედრები შუა კვირაში გაიმართა. ლოჩოშვილმა პირველ სათამაშო დღეს ითამაშა, ხვიჩას „ნაპოლიმ“ კი წუხელ. როგორც მოსალოდნელი იყო, კვარაცხელიას როტაცია შეეხო და ძირითადში არ ყოფილა, თუმცა ჩვენიანი სპალეტიმ შეცვლაზე შეუშვა.
„ნაპოლიმ“ შინ „ლეჩე“ მიიღო და სამწუხაროდ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – 1:1.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ელმასმა 27-ე წუთზე გახსნა, ხოლო სტუმრებმა მალევე, 31-ეზე გაათანაბრეს. სხვათა შორის, 24 წუთზე „ლეჩემ“ პენალტი მოიპოვა და გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა კოლომბოს თავიდან დაარტყმევინა და აქ უკვე ნეაპოლელთა მეკარე მერეტიმ ივარგა და აიღო.
კვარაცხელიამ კი 56-ე წუთზე სწორედ ელმასი შეცვალა. ხვიჩამ ერთხელ ოსიმენის მეკარესთან პირისპირ დატოვება სცადა, ბოლოსკენ სახიფათო ჯარიმაც აიკიდა, მაგრამ უკან ჩაჯდარ მეტოქეს „ნაპოლიმ“ ვერაფერი მოუხერხა.
„ნაპოლის“ ლიდერობა შეეძლო, მაგრამ ახლა 8 ქულით მე-3 ადგილზეა და „რომას“ (10 ქულა) და „ინტერს“ (9 ქულა) ჩამორჩება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაპოლივით“ 8 ქულა აქვთ „იუვენტუსს“, „მილანს“ და „ლაციოს“.
მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ 3 სექტემბერს სწორედ „ლაციოსთან“ უწევს რომში.
GIPHY App Key not set. Please check settings