ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ შეხვდა და წააგო – 1:2.
მოულოდნელად ქართველი შემტევი ფრანგული გუნდის ძირითადში არ ყოფილა, ისევე როგორც მოსალოდნელი იყო, რომ ქოჩორაშვილი არ იქნებოდა სასტარტოში.
ხვიჩას აქტიურობა და სიმწვავე გუნდს აშკარად აკლდა. სტუმრები არათუ რეალურ ხიფათს ვერ ქმნიდნენ, ისედაც ნახევარმომენტები თუ ჰქონდათ ეგეც საკითხავია. ერთი ეგ იყო, რომ ზაირ-ემერიმ გაიტანა, მაგრამ გამეორებაზე არ ჩაუთვალეს.
კვარა 66-ე წუთზე შევიდა და ეს თამაშს მალევე დაეტყო. 79-ე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე საჯარიმოსთან მიიღო, მარჯვენა ფეხზე გაისწორა და შორეულ კუთხეში ლამაზად ჩასვა.
ხვიჩამ ბოლოს ყვითელი ბარათიც მიიღო.
შეფასებები: Whoscored – 6.9; Sofascore – 7.6; Flashscore – 7.3.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ყველა ტურნირზე კი 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გაკეთა.
ქოჩორაშვილი მოედანზე მხოლოდ 90+5-ე წუთზე შევიდა და ბურთთან შეხებაც ვერ მოასწრო.

სპორტინგი – პსჟ 2:1
გოლები: 1:0 სუარესი (74), 1:1 კვარაცხელია (79), 2:1 სუარესი (90+1)
პსჟ 13 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 29 იანვარს, შინ „ნიუკასლთან“ გამართავს. „სპორტინგი“ ასევე 13 ქულით მე-6-ზეა და იმავე დღეს ბილბაოში „ატლეტიკს“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings