in

ხვიჩა პსჟ-ზე, მწვრთნელზე, ლიგაზე, თანაგუნდელებზე – უეფას ინტერვიუ კვარაცხელიასთან

გუშინ უეფას ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც პსჟ-ს თავდამსხმელმა კლუბზე, მწვრთნელზე, თანაგუნდელებსა და მიზნებზე ისაუბრა.

„ჩვენ ბევრი მაღალი დონის შემტევი გვყავს, სწორედ ამან გვაქცია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გუნდად“, – თქვა პარიზელთა თავდამსხმელმა, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.

კვარაცხელია პსჟ-ს „ნაპოლიდან“ იანვარში შეუერთდა, თუმცა ქართველი საქმეს სწრაფად შეუდგა და უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.

პარიზში გადასვლაზე

„რთულია, როდესაც გუნდში შუა სეზონში მიდიხარ, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო ცოტაა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად შევძელი, რაც პერსონალის, მწვრთნელების, კლუბის და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დამსახურებაა. ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც მიგიღებენ და გაგრძნობინებენ, თითქოს მათთან დიდი ხანია ხარ.

პარიზში გულშემატკივრების მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა. აქ ისე გექცევიან, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და გააცნობიერო, თუ რამდენად ღირებული მოთამაშე ხარ“.

ლუის ენრიკეზე

„მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, ფეხბურთელიც ცდილობს, რომ უკეთ ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ექცევა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა“.

ჩემპიონთა ლიგაზე

„ჩემპიონთა ლიგა ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირია. ყველა ოცნებობს იქ თამაშზე და ყველას მოგება უნდა, თუმცა ეს წარმოუდგენლად რთულია. სახელი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ეს ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ტურნირია. ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს შეუძლია მოგება. ვცდილობთ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და ვფიქრობ გამოგვდის კიდეც. მთავარია, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ თითოეულ მატჩზე. მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია“.

პარიზელ შემტევებზე

„მათი ინდივიდუალური თვისებები ძალიან მეხმარება, რადგან ისინი უამრავ საგოლე შანსს ქმნიან. როდესაც ირგვლივ ასეთი ნიჭიერი და სწრაფი მოთამაშეები გყავს, რომლებსაც შეუძლიათ გოლების გატანა და პასების გაკეთება, ეს ნამდვილად უნდა დააფასო.
კონკურენცია კარგია, ეს გუნდისთვისაც აუცილებელია, რადგან ყველა მაქსიმალურად ემზადება. როდესაც გარშემო მაღალი დონის მოთამაშეები გყავს, ბუნებრივია, გინდა, რომ მაქსიმუმი გაიღო.
დუე, დემბელე, ბარკოლა – სამივე საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

დუეს გამორჩეული თვისება მისი თავდაჯერებულობაა. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ფეხბურთის საჩუქარია, რომელსაც ბევრად მეტი შეუძლია. ის, რაც მას სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებისგან გამოარჩევს, ფეხბურთის სიყვარული და პროფესიონალიზმია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო 16:00 საათზე ითამაშებს, ერთის გარდა