ხვალ საღამოს ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო ტურია და ყველაფერი გაირკვევა (ყველა მატჩი ერთ დროსაა, 24:00 საათზე). მოგეხსენებათ, მერვედფინალში პირდაპირ რვა საუკეთესო გადის, მეცხრედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები კი დამატებით ითამაშებენ პლეი-ოფში. 1/8 ფინალის საგზური „არსენალმა“ და „ბაიერნმა“ უკვე გაინაღდეს.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ 13 ქულით მე-6 ადგილზეა, ამდენივე ქულა კიდევ შვიდ გუნდს აქვს და ცხადია ვითარება გაურკვეველი და დაძაბულია. პსჟ შინ „ნიუკასლს“ ეთამაშება და უთუო მოგება სჭირდება. მით უმეტეს, რომ ინგლისურ გუნდსაც 13 ქულა აქვს და სასურველ მე-7 პოზიციაზეა.
ფრანგულ გუნდს ერთი კვირის წინა შეეძლო 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება, მაგრამ ლისაბონში წააგო „სპორტინგთან“ (1:2) და საქმე გადადო.
„ნიუკასლი“ კი გასვლაზე საკმაოდ სუსტად თამაშობს და საფრანგეთში ვიზიტიც მარცხიანი გამოდგა, როდესაც ლიგაზე „მარსელთან“ 1:2 წააგო. სულ ევროთასებზე 9 მატჩიდან „ნიუკასლმა“ საფრანგეთში მხოლოდ 1 მოიგო.
პარიზელები კი საშინაო შეხვედრებს ძლიერად ატარებენ. ლიგაზე ბოლო 4 მატჩიდან 3-ში მინიმუმ 4 გოლი გაიტანეს.
ბუქმეკერებს შორის პსჟ აშკარა ფავორიტია. მის მოგებაზე ფსონი 1.5-1.6-ია, ფრეზე – 4.5-4.7 და წაგებაზე – 5.3-5.5. პარიზელების ფორით მოგება დაახლოებით 2.7-ით ფასდება.

ლუის ენრიკემ კვირას ფეხბურთელები დაასვენა, ორშაბათს კი ავარჯიშა. გუნდთან ერთად იყვნენ ჟოაო ნევეში (კუნთის დისკომფორტი ჰქონდა) და აშრაფ ჰაკიმი. ფაბიან რუისს მუხლის ტრავმა აქვს და შეიძლება ვერ ითამაშოს.
ხვიჩამ გუნდთან ერთად სრულად ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
პსჟ-მ საშინაო “პარკ დე პრენსზე” ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ერთი თასზე წააგო “პარიზთან” (0:1). პარიზელები ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ბოლო ტურში იშვიათად აგებენ, გასულ სეზონში გეხსომებათ 24 გუნდში მოხვედრა ბოლოს მოახერხეს.
ასევე გეხსომებათ, რომ გასულ სეზონში პსჟ-მ სწორედ ინგლისურ კლუბებს აჯობა („სიტი“, „ლივერპული“, „არსენალი“, „ასტონ ვილა“), თუმცა თავად “ნიუკასლთან” 2023 წელს 1:4 წააგო.
პლეი-ოფში ვერ გავა გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” (ლევერკუზენში აქვს ბოლო მატჩი). გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” რვა გუნდშია და შინ „ყარაბახს“ შეხვდება, გიორგი ქოჩორაშვილის “სპორტინგი” კი მე-10 ადგილზეა და მეზობელ ესპანეთში მიდის, ბილბაოს „ატლეტიკთან“ სათამაშოდ.




GIPHY App Key not set. Please check settings