იტალიისა და ესპანეთის ჯერაც მოქმედი გამარჯვებულები სასურველ ფორმაში არ არიან და ამიტომ რთული გახდა ჩემპიონთა ლიგაზე მათ შორის ფავორიტის დასახელება. პლუს ნეაპოლელებმა ზედ ამ საკვანძო თამაშის წინ მოიყვანეს ახალი მწვრთნელი, რომელსაც გუნდის მოსამზადებლად ფაქტობრივად დრო არც ჰქონია.
ნაპოლი – ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60. პედრის პასით), 1:1 ოსიმენი (75. ანგისას პასით)
ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ოლივერა – ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე (68. ტრაორე) – პოლიტანო (76. რასპადორი), კვარაცხელია (68. ლინდსტრიომი), ოსიმენი (76. სიმეონე)
ბარსელონა: ტერ შტეგენი – კუნდე, არაუხო, ი. მარტინესი, ჟოაო კანსელო – ფ. დე იონგი, კრისტენსენი (86. რომეუ), გიუნდოგანი – იამალი (80. რაფინია), პედრი (86. ჟოაო ფელიქსი), ლევანდოვსკი
თამაშმა კი ის აჩვენა, რომ „ბარსელონა“ მაინც სხვა დონეა და უკეთესი გუნდია. მართალია შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა და ცხადია იტალიურ გუნდს შანსი აქვს, მაგრამ ფავორიტი კატალონიური გუნდია, რომელმაც ერთ საათზე მეტი აშკარად დაჯაბნა მეტოქე და მხოლოდ მას შემდეგ გამოასწორა „ნაპოლიმ“ ვითარება, რაც შეცვლები განახორციელა. ამ შეცვლებში ხვიჩა კვარაცხელიაც იგულისხმება. ჩვენიანი 68-ე წუთზე გაიყვანეს, რომელმაც მოედანი უკმაყოფილომ დატოვა და ეს გამოხატა კიდეც.
ხვიჩა ცხადია ძირითადში იყო და თავისი ფლანგიდან ცდილობდა მეტოქის შეწუხებას. თუმცა ეს არ გამოუვიდა და ვერც გამოუვიდოდა, რადგან ბურთი სტუმრებს ჰქონდათ, ისინი ქმნიდნენ ხიფათს, თამაშს სრულად აკონტროლებდნენ და მშვენიერი პრესინგის წყალობით მასპინძლებს კონტრშეტევის შანსს კი არა, ორი პასის გადაბმულად გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ. „ნაპოლის“ გაუმართლა, რომ გოლი არ გაუშვა.
მეორე ტაიმიც თითქმის ანალოგიურად გაგრძელდა. განსხვავება ის იყო, რომ როგორც იქნა, სტუმრებსაც გაუღიმათ ბედმა და ლევანდოვსკიმ ბოლოს და ბოლოს ანგარიშის გახსნა მოახერხა.
„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა შეცვლებს მიმართა. გაიყვანა კვარაცხელია და არა პოლიტანო ან თუნდაც ოსიმენი. ამ ორზე ის უნდა ითქვას, რომ ოსიმენიც გვარიანად ჰყავდათ ამოკეტილი და არაფერი გააბედინეს, ხოლო პოლიტანო უფრო აქტიური იმის გამო იყო, რომ სტუმრებს მეტი ყურადღება კვარაცხელიას და მარცხენა ფლანგისკენ ჰქონდათ და მასპინძლებიც მარჯვნივ პოლიტანოს უფრო ამარაგებდნენ პასებით. თუმცა იტალიელი ძალიან ცუდად მოქმედებდა. ვერც ატყუებდა, ვერც აწვდიდა, რაღაცას ჯახირობდა და მერე ისიც გავიდა დასასვენებლად.
ოღონდ აქ მოხდა ერთი რამ: სიმეონე უკვე მზად იყო ოსიმენის ნაცვლად შესასვლელად, როდესაც ნიგერიელმა მცველს კორპუსით აჯობა, წაბორძიკებული წამოდგა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, დარტყმა კი ზუსტი გამოუვიდა – 1:1.
მოკლედ, საიმედოდ ამოკეტილი კვარაცხელიას გასვლის და ახლების შემოსვლის შემდეგ თამაში შეიცვალა. „ნაპოლიმ“ ბურთი დაიჭირა, ცოტა თვალებში გამოიხედა, შეტევისკენაც გაიხედა და „ბარსას“ ლამის გასაძლებლად გაუხდა საქმე. ბოლო ხიფათი მაინც სტუმრებმა შექმნეს, თუმცა გამოჩნდა, რომ სათანადო მომზადებისა და ფორტუნას კეთილგანწყობის შემთხვევაში „ნაპოლის“ შანსი ბარსელონაშც ექნება.
განმეორებითი მატჩი კი 13 მარტსააა.
რაც შეეხება ხვიჩას, მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 6.9, sofascore – 6.6, whoscored – 6.1.
GIPHY App Key not set. Please check settings