„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში მისთვის ხელსაყრელი მეტოქე „ვერონა“ მიიღო და სანერვიულო თამაშში ბოლოს მაინც მოუგო – 2:1. ეს კი დიდწილად კი არა, ლამის მთლიანად კვარაცხელიას დამსახურებაა. ასე მარტო გადამწყვეტი გოლის გამო არ ითქმის, ისედაც, ქართველი იყო მასპინძელი გუნდის მთავარი მამომძრავებელი ძალა.
ხვიჩა იყო ყველაზე აქტიური, ცდილობდა ვითარების გამწვავებას, ხან ფლანგიდან და ხშირად ცენტრისკენ შეწევით, მაგრამ მეურვეები ახლოს ეთამაშებოდნენ და ხშირად უბლოკავდნენ დარტყმასაც და პასსაც. მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე მოახერხა გამწვავება. ბოლოს კი შედევრი დადო.
„ნაპოლიმ“ თავიდანვე შეუტია. დებიუტში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენლტი არ დანიშნა. ცოტა ხანში კვარას ორი დარტყმა მეკარემ მოიგერია. ნეაპოლელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში თითქოს „ნაპოლი“ ისევ მიაწვა მეტოქეს, მაგრამ დიდად ვერა და „ვერონაც“ არ ყოფილა ნაკლები. მოკლედ, რეალური ხიფათი არ იქმნებოდა. ხვიჩა კი ცდილობდა, თუმცა ბევრიც არ გამოსდიოდა. ბოლო 20 წუთი კი კარგი სანახაობა ვიხილეთ. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. კოპოლამ მაღალ ბურთზე ბრძოლისას მხრით გაიტანა გოლი და მასპინძლები თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.
ამ გოლამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ნეაპოლელთა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ ნგონჟი და ლინდსტრომი. 79-ე წუთზე სწორედ მათ შექმნეს გოლი. საჯარიმოში შესულმა ლინდსტრომმა ძალიან მოხდენილად მოასრიალა მცველი და კოხტად მიუგორა დასარტყმელად პარტნიორს, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის კარის დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა.
იშტაზე მოსული „ნაპოლი“ მოსაგებად გაიწია. 83-ე წუთზე მეტოქემ ბურთი კვარაცხელიას დაუტივა, ხვიჩა წინ გავარდა, საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მდგომ სიმეონეს გადაუგდო, რომელმაც ჯერ წინ გამოსულ მეკარეს ვერ ააცილა, დამატებაზე კი კარის ბადეს ზემოდან დააგდო ბურთი.
სხვა გზა რომ აღარ რჩებოდა, ხვიჩამ საკუთარ თავზე აიღო თამაში. 87-ე წუთზე კართან ზურგით მდგომმა ბურთი გაისწორა და საჯარიმოს გარედან ისეთი მოჭრილი და ზუსტი გაუშვა, არცერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი არ იტყოდა უარს ასეთ გოლზე: უზუსტესი და ულამაზესი დარტყმით ბურთი მაღალ კუთხეში გაეხვა, თავად ხვიჩა კი ტრიბუნებისკენ გაეშურა და იქ გაეხვა პარტნიორებისა და გულშემატკივრების მილოცვებში.
რა თქმა უნდა, კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი შეფასებებიც შესაბამისად ყველაზე მაღალია: flashscore – 8.7; sofascore – 8.3; whoscored – 8.8.
ნაპოლი – ვერონა 2:1
გოლები: 0:1 კოპოლა (72), 1:1 ნგონჟი (79), 2:1 კვარაცხელია (87)
„ნაპოლის“ ამ მოგებით 35 ქულა გაუხდა და მე-6 ადგილოსან (ანუ ევროზონის საგზურს) „რომას“ გაუთანაბრდა. აი მომდევნო თამაში კი ურთულესია, 11 თებერვალს სტუმრად „მილანთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings