ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული მატჩი ჩაატარა და პსჟ-ს გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. პარიზელებმა პირველ მეოთხედფინალში 3:1 დაამარცხეს „ასტონ ვილა“ და დიდი ნაბიჯი გადადგეს ნახევარფინალისკენ.
კვარაცხელია ძირითადში იყო და სულ ბოლოს, თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე გაიყვანეს, დამსახურებული აპლოდისმენტების მისაღებად.
აპლოდისმენტები კი ჩვენიანმა ნაღდად დაიმსახურა. ხვიჩა იყო ყველგან, წინ, უკან, ფლანგებზე, ბრძოლაში, შეტევაში, პასებზე, დრიბლინგზე და პლუს გაიტანა ულამაზესი გოლი ყველაზე საჭირო მომენტში.
ხვიჩამ პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მეორე ნახევარში კი შესანიშნავი გოლი გაიტანა. 49-ე წუთზე მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა, ცრუ მოძრაობებით ორი მცველი ჩამოიშორა და მეკარისაგან ახლო მაღალ კუთხეში მარცხენათი ლამაზი გოლი გაიტანა.
კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.
უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი დაასახელა. ანალიტიკურმა პორტალებმა კი ხვიჩას თამაში ასე შეაფასეს: Flashscore – 8.5 (მეორე საუკეთესო); Sofascore – 8.7 (საუკეთესო); Whoscored – 8.8 (საუკეთესო).

პსჟ – ასტონ ვილა 3:1
გოლები: 0:1 როჯერსი (35), 1:1 დუე (39), 2:1 კვარაცხელია (49), 3:1 მენდეში (90+2)
განმეორებითი მატჩი 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings