ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალება გრძელდება. ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ფენომენალური გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ რთულ მატჩში მოაგებინა.
სერია ა-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ ევროსაგზურისთვის მებრძოლ კერკეტ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ამაში კი ჩვენიანის წვლილი დიდია.
მე-60 წუთზე კვარამ ისე გაიბრწყინა, რომ გულშემატკივრები და ფეხბურთის სპეციალისტები შოკში ჩააგდო: საპირისპირო მხარეს ცრუ მოძრაობებით, საჯარიმოში მცველებს თავბრუ დაახვია და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
„ატალანტამ“ გათანაბრება სცადა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ კუთხურიდან კიდევ ერთი ბურთი მიიღო.
კვარაცხელია კი 85-ე წუთზე შეცვალეს.
მანამდე კი:
27-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. ზოგადად, ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, გადმოვარდნილ ბურთზე სამჯერ დაასწრო მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი მეტოქეს ბურთი ვარდნაში აართვა.
მეორე ნახევარში ხვიჩამ საჯარიმოს გარედან კიდევ ორჯერ დაარტყა.
26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და 12 ტურით ადრე მილანის „ინტერს“ (50) უკვე 18 ქულით ასწრებს. ასევე 18 ქულით უსწრებს პოტენციურად „მილანს“ და „რომას“, რომლებმაც ტურის მატჩები რომ მოიგონ, მათაც 50 ქულა დაუგროვდებათ.
„ნაპოლის“ შემდეგი საჩემპიონატო შეხვედრა 19 მარტს სტუმრად „ტორინოსთან“ აქვს.
ხვიჩას ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings