ხვალ, თბილისის დროით, 14:50 საათზე ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზში ფიცარნაგზე A ჯგუფის ძალოსნები ავლენ (მანამდე B ჯგუფია 6 სპორტსმენით), სულ 8 ძალოსანი, მათ შორის 169 ნომრით ლაშა ტალახაძეა.
ამ წონაში, როგორც ატაცში (222 კგ), ისე აკვრაში (264) და ორჭიდში (485), ყველა რეკორდი მსოფლიოში ლაშას ეკუთვნის. 4 აგვისტოს ლაშას მთავარი კონკურენტი შტანგა იქნება. ამით დასრულდება ოლიმპიური ძალოსნობა, რომელმაც სტარტი 31 ივლისს აიღო.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ქართველმა ძალოსნებმა ჯერჯერობით ერთი მედალი მოიპოვეს – ანტონ პლესნოის ბრინჯაო.
A ჯგუფში ლაშას გარდა იასპარეზებენ: ირჟი ორსაგი (ჩეხეთი), მან ასაადი (სირია), ენცო კუვორგე (ნიდერლანდები), დევიდ ენდრიუ ლიტი (ახალი ზელანდია), ჰოჯამუჰამეტ ტოიჩიევი (თურქმენეთი), ვალიდ ბიდანი (ალჟირი) და ალი დავოუდი (ირანი).
ლაშა უმთავრესი ფავორიტია და ხვალ წესით კიდევ უნდა აჟღერდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
25 წლის რამაზ ზოიძეს წარმატებული დღე ჰქონდა ტოკიოში – ქართველმა კლასიკოსმა ნახევარფინალში იჭიდავა, რომელიც, სამწუხაროდ, დათმო ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან დაპირისპირებაში.
ასე რომ, 4 აგვისტოს ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. მისი მეტოქე გერმანელი ფრანკ შტებლერისა და კოლუმბიელი ხულიან ორტა ასევედოს შეხვედრაში გაირკვევა, რომლებიც რეპეშაჟში შეხვდებიან. 32 წლის გერმანელი სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონია და კოლუმბიელთან აშკარა ფავორიტად მიიჩნევა. ასე რომ, ზოიძეს სავარაუდოდ, ამ ტიტულოვანი მოჭიდავის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.
GIPHY App Key not set. Please check settings