კოვიდ პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-13-ე ჩემპიონატი 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში იწყება.
პირველ მატჩში არგენტინა იტალიას საქართველოს დროით 13 საათზე ერკინება; 15:30-ზე ინგლისი ირლანდიას შეხვდება; 16 საათზე საფრანგეთი იაპონიას; 18:00 უელსი – ახალი ზელანდიაა; ხოლო 18:30-ზე ავსტრალია ფიჯის დაუპირისპირდება.
პირველი სათამაშო დღის კულმინაცია 21 საათზე, სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ იწყება, როდესაც მასპინძელი სამხრეთ აფრიკა საქართველოს ერკინება.
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც თანატოლი „ქურციკების“ წინააღმდეგ წარდგებიან. განაცხადში 10 ლეგიონერია (7 სასტარტოში), 17 კი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც ინგლისელ 20-წლამდელებთან თბილისში გამართულ 2-მატჩიან ისტორიულ სერიაში მიიღო მონაწილეობა.
შერკინების პირველ ხაზში შეხვედრას გიორგი მამაიაშვილი, ბასა ხონელიძე და ბადრი ციხისთავი იწყებენ. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან ნიკა ბაბუნაშვილი, ლაშა ფხაკაძე და ირაკლი აფციაური.
მეორე ხაზში გურამ ღანიაშვილი გიორგი ნიკოლაძეს შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში რატი ზაზაძეს, გუნდის კაპიტან ლაშა ციხისთავს და ნიკა ლომიძეს ვიხილავთ. შეცვლაზე შევლენ გიორგი გერგედავა და თორნიკე ღანიაშვილი.
ღერძზე თამაშს დავით ხუროშვილისა და პეტრე ხუციშვილის დუეტი იწყებს, ცენტრში გიორგი შველიძე და თორნიკე კახოიძე შეწყვილდებიან, ფულბელი ვაჟა მიქაძეა, ფრთებზე კი შალვა აფციაური და ლუკა ცირეკიძე დადგებიან. ხაზის მარქაფაში არიან ალექსანდრე ჯიღაური, გელა ხელაძე და ლუკა ხორბალაძე.
მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია მომავალ მატჩთან დაკავშირებით ამბობს:
„ყველამ კარგად იცის რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკა – ალბათ ყველაზე ფიზიკური 20-წლამდელთა ნაკრებებს შორის, სწრაფი და აგრესიული დაცვით. ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ატარებენ გახსნით თამაშს და განსაკუთრებით მონდომებულები იქნებიან. ჩვენთვის ეს არის გამოწვევა და შანსი ერთი თავით მაღლა ავწიოთ თამაშის ხარისხი, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, რაზეც ყურადღება გვაქვს მისაქცევი“.
20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშია: 2017 წელს მეტოქემ 38:14 იმარჯვა, 2018 წელს ჯერჯერობით ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა – 33:27, 2019 წელს კი სამხრეთ აფრიკამ 48:20 გაიმარჯვა.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
24 ივნისი. შაბათი. 21:00 (საქ. დრო)
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
სამხრეთ აფრიკა – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურა ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი
მენეჯერი: ოთო იაშვილი
ჯი-პი-ეს: შავლეგ მახარაშვილი
სამედიცინო: პაპუნა კუპრაშვილი, რომან სახოკია, ირაკლი შაორშაძე
GIPHY App Key not set. Please check settings