დღეს, სასტუმრო “ჰუალინგში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს.
ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენები – ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე გახდნენ.
ბექაურმა წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მძიმე ტრავმის ფონზე შეძლო ოქროს მედლის დაუფლება. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კი, წელს მსოფლიო, ევროპა, ოლიმპიადა მოიგო და ახალი მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა.
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნომინაციაში ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა გაიმარჯვა. ეთერმა 2021 წელს თელ ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თბილისის გრანდ სლემზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე ეთერმა 2021 წლის ბოლო – ბრინჯაოს მედალი პარიზში, პარიზის გრანდ სლემზე მოიპოვა.
წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი გახდა.
2021 წლის საუკეთესო სპორტულ ფედერაციად ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია დასახელდა.
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე გახდა საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი.
2021 წლის აღმოჩენა კი, მოჭიდავე ლერი აბულაძე და ნიჩბოსანი მარიამ ქერდიკაშვილი გახდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings