in

წიტაიშვილი გრანადასთვის შეუცვლელი ფიგურა გახდა

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით „შეუცვლელი“, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და „გრანადას“ შემტევ ნახევარმცველს, გიორგი წიტაიშვილს მიუძღვნა.

„„გრანადამ“ ამ სეზონში სამი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებდათ — გიორგი წიტაიშვილი. ქართველი ფეხბურთელი რეგულარულად იყო სამივე მწვრთნელის სასტარტო შემადგენლობაში, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის გამოიძახეს (ესპანეთის სეგუნდაში, სადაც „გრანადა“ ასპარეზობს, სანაკრებო პაუზა გათვალისწინებული არ არის). წიტაიშვილი 37 მატჩიდან 31-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო.

საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში თამაშის შემდეგ გიომ საბოლოოდ ესპანეთს მიაშურა. ის „გრანადას“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა კიევის „დინამოდან“, იმ იმედით, რომ კარიერაში წინ გადადგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯს. 24 წლის ასაკში ის პირველად აღმოჩნდა ძლიერ და სტაბილურ ჩემპიონატში.

ფეხბურთელმა ესპანურად რამდენიმე სიტყვაც წარმოთქვა და განმარტა, რატომ აირჩია ეს ქვეყანა: „ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება ესპანეთში თამაშია და „გრანადას“ პროექტი ძალიან მომწონს. ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს, ჩემი ქალიშვილი აქ დაიბადა. როცა „გრანადა“ ჩემით დაინტერესდა, არც მიფიქრია — ეს ისტორიის მქონე კლუბია“.

მან სეგუნდაში 34 მატჩი ჩაატარა და მოედანზე, ჯამში, 2 457 წუთი გაატარა. 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გუნდის მესამე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა — ჩამორჩა მხოლოდ ლუკას ბოიეს (10 გოლი, 5 საგოლე გადაცემა) და მირტო უზუნის (14 გოლი, ერთი საგოლე გადაცემა).

„წიტაიშვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ იმსახურებს ასეთ დონეზე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სათადარიგოთა სკამზე ხშირად ხვდებოდა. ახლა ის კარიერის საუკეთესო ფორმაშია, ასპარეზობს მაღალ დონეზე და გააუმჯობესა შედეგი, რომელიც „დინამო ბათუმში“ ჰქონდა (4 გოლი)“, – წერს AS-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე იუვენტუსშიო…

დიდი თურქული კლუბები ზურიკოსთვის იბრძვიან