ისტორია გრძელდება – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა, ანუ მოხვდა კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში, სადაც მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის ადგილი არ მოინახა. სწორედ საქართველოსთან წაგების გამო ჩარჩა ესპანეთი ჯგუფში. რომ არა საქართველოსთან პირველ ტურში 14-ქულიანი მარცხი, ესპანეთი ხვალ, დილას, რიგაში გაემგზავრებოდა.
სწორედ ლატვიის დედაქალაქში მიფრინავს ჩარტერული რეისი ლიმასოლიდან, რომელსაც ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები – იტალია, ბოსნია და საქართველო მიჰყავს (საბერძნეთი საკუთარი თვითმფრინავით რიგაში უკვე გაფრინდა). სწორედ საბერძნეთი დაეხმარა საქართველოს ჯგუფიდან გასვლაში და ამით განმეორდა ისტორია – ბოლოს საქართველო ევრობასკეტის ჯგუფიდან 2015 წელს გავიდა და მაშინაც ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთის გამარჯვებამ გაიყვანა ჩვენები პლეი ოფში.
ეს ამბავი ასე მოხდა: ხორვატიაში ტარდებოდა ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფი, სადაც საქართველოსთან ერთად ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია, ჰოლანდია და სლოვენია იყვნენ. საქართველომ ჯგუფში მაკედონიას და ხორვატიას მოუგო და ჯგუფის ბოლო მატჩში ერთმანეთს საბერძნეთი და ჰოლანდია ხვდებოდნენ. ჰოლანდიელებს საქართველო დამარცხებული ჰყავდა, საბერძნეთი ჯგუფიდან გასული იყო და ჰოლანდიის მოგება არაფერში სჭირდებოდა, თუმცა ბოლო დამებზე, დაძაბულ ბრძოლაში ბერძნებმა იმარჯვეს და საქართველო მერვედფინალის სათამაშოდ საფრანგეთში გაემგზავრა.
ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ახლაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ საბერძნეთს გამარჯვება გასასვლელად არა, მაგრამ პირველი ადგილის დასაკავებლად სჭირდებოდა. პირველი ადგილის სიკეთეები კი უხვად იყო: მერვედფინალში სლოვენიის ნაცვლად ისრაელთან თამაში და ნახევარფინალში შესაძლო გასვლის შემთხვევაში სერბეთის და გერმანიის აცილება. საბერძნეთმა დაძაბულ ბრძოლაში 90:86 დაამარცხა ესპანეთი და საქართველომ ჯგუფიდან გამსვლელი ბოლო, ანუ მე-4 ადგილი დაიკავა. უკან მოიტოვა ესპანეთი და მასპინძელი კვიპროსი.
მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში კი ის არის, რომ საქართველო საბერძნეთის იმედად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მარცხის გამო დარჩა. ყველაფერი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის ხელში იყო. ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინელების დამარცხებით ჯგუფიდან გასვლას ინაღდებდა და ბოლო მატჩში საბერძნეთისთვის იმის გამო უნდა ექომაგა, რომ ელადელთა გამარჯვების შემთხვევაში მე-3 ადგილზე გასულიყო. ბოსნიასთან 16-ქულიანი ჩამორჩენა ამოვიღეთ, ბოლო პერიოდში ანგარიშიც გავათანაბრეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც უშანსოდ დავმარცხდით – 76:84. საბერძნეთის ქომაგობა წაგების შემთხვევაში ყოფნა-არყოფნისთვის გაგვიხდა საჭირო. თამაშიდან სასტუმროში დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრების წევრებმა ბარგი ჩაალაგეს და დაელოდნენ საბერძნეთი-ესპანეთის დასრულებას, რათა გაეგოთ, რიგაში მიფრინავდნენ თუ – სახლებში.



ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრები რიგაში მიფრინავს, სადაც ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში, 7 სექტემბერს, საფრანგეთს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings