საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს ვილი საინოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის აკლდა, რომელიც გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.
ერთა ლიგისთვის მზადების და ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
ბუდუ ზივზივაძე:
„როგორც ყოველთვის, ნაკრებში ახლაც შესანიშნავი, ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელადაა. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings