პორტუგალიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე და გუნდში არსებულ განწყობაზე კომენტარი თბილისის “იბერიასა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, გიზო მამაგეიშვილმა გააკეთა.
რამდენად მოახერხეთ ასეთ რთულ რეჟიმში ძალების აღდგენა?
ეს მუდმივი პროცესია, როდესაც გადატვირთული სათამაშო გრაფიკით გიწევს თამაში, აღდგენის საშუალება ყოველთვის არის. როცა ნაკრებში პროფესიულ დონეზე თამაშობ, ყოველთვის გაქვს საშუალება, რომ შენ თავს მიხედო, ძალები აღიდგინო და შემდეგი თამაშისთვის მოემზადო.
საფრანგეთთან მატჩმა რა ემოციები დაგიტოვათ?
ემოციურად ძალიან გადატვირთული, მძიმე და მძაფრი თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთები. გოლი ორჯერ გადამოწმდა, ერთხელ არ ჩაითვალა, მეორე კი ჩათვალეს. ამან თამაშის შემდეგ კიდევ უფრო რთული შეგრძნებები დაგვიტოვა. მაგრამ ეს უკვე დავივიწყეთ და პორტუგალიასთან თამაშზე ვართ გადართულები. უიმედო მდგომარეობაში არ ვართ, პირიქით, კარგი განწყობით ვემზადებით და ვფიქრობ, გადამწყვეტი მატჩისთვის მზად ვართ.
ფრანგებთან შეხვედრაში რომელი იყო ყველაზე რთული მომენტი, რომელმაც შედეგზე გავლენა იქონია?
გარდამტეხი მომენატი, ალბათ, ფრანგების მიერ 2:1-ზე ანგარიშის გათანაბრება იყო. იდეაში, მოგებით ჯგუფიდან გავდიოდით და ამ გოლმა გასვლა წაგვართვა. ფრე ამ შეხვედრაში ჩვენთვის მისაღები არ იყო და მოგებისთვის ვიბრძოლეთ, მაგრამ… სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით.
მეორე გოლის შემდეგ ზედმეტი ეიფორია ხომ არ იყო?
არა მგონია, რომ ეს ვინმეს დაეშვა. ყველამ იცის, რომ მსაჯის სასტვენამდე თამაში არ წყდება. ეს ყველას გააზრებული გვაქვს, რომ წამის მეათედში შეიძლება ისეთ რამ მოხდეს, რაც შეხვედრის ბედს გადაწყვეტს.
პორტუგალიასთან ევრო 2023-ზე მოგება რამდენად შეიძლება დაგეხმაროთ ან ხელი შეგიშალოთ?
ეს მენტალურად გვეხმარება, რადგან ის აზრი, რომ შეუძლებელი არაფერია, ფაქტებით მყარდება. ეს ჩვენთვის სასარგებლოა. არ მინდა ვთქვა, რომ ეს ფაქტი საქმეს გვიმარტივებს, მაგრამ იმედიანი შეგრძნება მოაქვს.
თუ შეიძლება, გულშემატკივრებს მიმართეთ…
ამით უნდა დამეწყო… ჩვენ ემოციური ფონი იმიტომაც გვქონდა, რომ თამაშის შემდეგ გულშემატკივრებისთვის მადლობაც არ გვითქვამს. არადა, ყველა ამაზე ვფიქრობდით, რადგან ჩვენს შორის დიდი ემოციური ჯაჭვი იყო. დარწმუნებული ვარ, მათ ჯერ ძალიან მძაფრად შეიგრძნეს მოგების იმედი და შემდეგ ეს დაკარგული სიამოვნება. ძალიან გვინდა, ის სიხარული, რაც ქომაგს საფრანგეთთან დაწინაურებით განვაცდევინეთ, პორტუგალიასთან თამაშის შემდეგაც მივანიჭოთ!
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings