in

ცუდი დასაწყისის კარგი დასასრული: საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატი” გამარჯვებით, ოღონდ მძიმე გამარჯვებით დაიწყო. “ბორჯღალოსნები” ლისაბონში პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და მიუხედავად არადამაჯერებელი თამაშისა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. მთელი მატჩის მიმდინარეობისას სათამაშო დისციპლინა სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც ბევრ მომენტში დავისაჯეთ კიდეც. საწყის წუთებში ქართველი მორაგბეები ჯერ რაქში გვერდიდან შესვლისთვის დაჯარიმდნენ, შემდეგ კი შერკინებაში ვერ მიაწვნენ სწორედ. ეს შეცდომები პორტუგალიის ნაკრების დამრტყმელმა სამუელ მარკეშმა ორი ზუსტი საჯარიმოთი გამოიყენა და თავისი გუნდი 6:0 დააწინაურა.

ფაქტია, ლევან მაისაშვილს გუნდმა მეტოქეს საკუთარი თამაში ვერ მოახვია თავს და იძულებული გახდა, არა ფაზებით, არამედ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით შეგვეტია. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გელა აფრასიძე ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ხშირ შემთხვევაში იგი ზედმეტად იღებდა საკუთარ თავზე თამაშს და შეცდომებს უშვებდა. სოსო მათიაშვილმა კი, მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარა. ჩვენი გუნდის ფულბეკი ფეხით დარტყმული ბურთების დროს პოზიციას არასწორად არჩევდა და ჰაერში თამაშშიც სუსტად გამოიყურებოდა.

ლელოები ტრადიციული, ქართული მეთოდით დავდეთ, რომელიც ნამდვილად კარგად გამოგვდის და ბადალი არ გვყავს. კარგად მოგებული დერეფნის შემდეგ მოლი შევკარით. აფრასიძემ მოკლე ფრთაზე გაათამაშა და მირიან მოდებაძემაც მარტივად შეძლო ბურთის პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში დამიწება. აფრასიძეს გარდასახვა გაუფუჭდა. მალევე, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის 22-მეტრიანში ისევ კარგი მოლი შეკრეს და ამჯერად ლელოს ავტორი ჯაბა ბრეგვაძე გახდა.

პირველი ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კვესელაძემ უბურთო კაცი შებოჭა, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 10-წუთიან სინბინში გაუშვა და საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 კაცით დარჩა. რიცხობრივი უპირატესობა პორტუგალიამ კარგად გამოიყენა და მარტამ დაგვალელოვა. მარკეშმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პირველი ნახევარიც ასე დასრულდა – 13:10 პორტუგალიის სასარგებლოდ.

პორტუგალიამ მეორე ნახევარიც კარგად დაიწყო. მარკეშმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 16:10. საქართველოს ამის შემდეგ კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. მსაჯმა ამჯერად გიორგი თხილაიშვილი გაასინბინა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა მაინც მოახერხეს საკუთარი თამაშის პოვნა და ორი ლელოს დადებით მატჩში საბოლოო გარდატეხაც შეიტანეს. მატჩის ბოლო წუთებზე კი, თორნიკე ჯალაღონიამ მშვენიერი ინდივიდუალური ოსტატობა გვაჩვენა და ლამაზი ლელოც დადო. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 26:19 საქართველოს სასარგებლოდ.

საბოლოოდ, მიუხედავად ცუდი დისციპლინისა, ბევრი გაფუჭებული ფეხით დარტყმულისა და ნაკლებად კომბინაციური თამაშისა, “ბორჯღალოსნებმა” ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს. ლევან მაისაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 14 მარტს მადრიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, აი შემდეგ კი სტუმრად რუსეთი გველოდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს საკულტო აღნიშვნა რეალის შტატებში მოგზაურობის დროს დაიბადა

ვიდეო: ყველაზე უჩვეულო კუთხური – ფეხბურთელები ერთად შეგროვდნენ და… გაიტანეს