in

ცუდი ამბავი ჩვენთვის: დღეს საქართველოს ფილიპინებთან 19 ქულით მოგება სჭირდება

გუშინ ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაფიქსირებულმა ისტორიულმა და შესაბამისად, მოულოდნელმა შედეგმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლა გაურთულა. ფილიპინების ნაკრებმა, რომელიც საქართველოსა და ლატვიასთან ერთად A ჯგუფშია, მასპინძლებს 89:80 მოუგო და ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს რთული მისია დააკისრა: საქართველო ჯგუფიდან რომ გავიდეს, დღეს 19 ქულით უნდა მოუგოს ფილიპინებს. ასეთ შემთხვევაში სამივე ნაკრები თითო მოგებას დააგროვებს და ბურთების შეფარდებით ჯგუფიდან უკვე გასულ ლატვიას საქართველოს შეუერთდება. სწორედ ბურთების შეფარდების გამოა საჭირო 19 ქულით მოგება, ფილიპინებს რომ გადავასწროთ.

ფილიპინებისთვის ევროპულ ნაკრებთან გამარჯვება ისტორიული იყო. 64 წლის მანძილზე უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოს ევროპული ქვეყნის ნაკრებთან მოგებული არ ჰქონდა. თუმცა ეს 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხერხებული ჰქონდა, როცა ესპანეთის ნაკრებს მოუგო. აქედან ჩანს, თუ რაოდენ პოპულარულია ფილიპინებში კალათბურთი, თუმცა კლასით ვერ გამოირჩეოდნენ და საკონტინენტთაშორისო ასპარეზზე წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ.

ლატვია იმ გუნდის აჩრდილი იყო, რომელმაც 2 ივლისს საქართველო 28 ქულით დაამარცხა. რატომღაც ლუკა ბანკის გუნდი ვერც სამქულიანებს აგდებდა და მეტოქესაც დაცვაში სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა. თავიდანვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა რომ მოიპოვა, ფილიპინებს ლატვია ახლოს აღარ მიუშვია. მასპინძლებს ვერც სნაიპერებმა უშველა, ვერც ნბა-ელმა დევის ბერტანსმა და ვერც სავსე დარბაზმა.

მეორე ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია: ბრაზილია დღეს კამერუნს მოუგებს და პირველზე გავა, მონტენეგრო კი მეორეზე. შესაბამისად, თუკი საქართველომ მოახერხა ფილიპინების 19 ქულით ძლევა და პლეი ოფში გასვლა, ნახევარფინალში ბრაზილიას შეხვდება.

საქართველოსა და ფილიპინების მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია პირველი არხი სპორტზე განხორციელდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილუსტრაციები ნაკრების ფეხბურთელების დასამახსოვრებელ ეპიზოდებზე

ფოტო: როგორ შეხვდა გულშემატკივარი ფეხბურთელებს – გულიდან წამოსული ემოციები