ჩრდილოეთ კორეა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი – კორონავირუსი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC წერს იმასაც, რომ ჩრდილოეთ კორეის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სამხრეთ კორეის გეგმები ჩაშალა, რადგან სეულს ოლიმპიური თამაშები ფხენიანთან ჩართულობისთვის სჭირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთობლივი გუნდით წარდგნენ, რასაც შემდგომ მთელი რიგი ისტორიული სამიტების გამართვა მოჰყვა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევები არ არის, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნულ ინფორმაციას საეჭვოს უწოდებენ. ჩრდილოეთ კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც „კოვიდ 19“-ის გამო 2020 წელს გადადებულ ოლიმპიადას გამოეთიშა.
ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს უნდა დაიწყოს.
წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას შორის ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია. ორი ქვეყანა ტექნიკურად საომარ მდგომარეობაშია, რადგან 1953 წელს ომის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმებული არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings