ისტორიული გამოდგა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ჩვენებმა ოქროს მედლები სულ საქართველოში გამოზიდეს. ბერულავა-მეტელკინას წყვილის შემდეგ ოქროს ნიკა ეგაძემაც მოიპოვა.
ნიკამ თავისუფალ პროგრამაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა.
უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე 91.28 ქულით პირველ ადგილზე გახლდათ. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა და საგრძნობლად აჯობა მეორეადგილოსან იტალიელ მატეო რიცოს.
აღსანიშნავია, რომ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში საქართველომ ოქროს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა
შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.


ნიკა ეგაძემ მცირე კომენტარი გააკეთა:
„ცოტას ვნერვიულობდი, ვარჯიშზე რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა მწვრთნელების სიტყვები, შევიგრძენი მომენტი და გავაკეთე ყველაფერი ამ შესანიშნავი მაყურებლისთვის.
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გამოსვლა საოცარი იყო. ლუკა ჩემი ნათლიაა და ჩვენ ჩემპიონები გავხდით“.






GIPHY App Key not set. Please check settings