ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით ლამაზად გაუტანა ეკვადორს და არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მოაგებინა – 1:0.
მატჩის მიწურულს დაღლილი მესი შეცვალეს, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ ის მოედანზე დაბრუნდა, რათა ეკვადორის მეკარე ერნან გალინდესისთვის მაისური გაეცვალა.
კაცი იფიქრებს რა მოხდა მერე, ათასჯერ მაინც გაუცვლია მესის მაისურიო, მაგრამ საქმე აქ სხვაგვარადაა.
ლეო და ერნანი ერთი ადგილიდან არიან, ორივე არგენტინულ როსარიოში დაიბადა. თანატოლებიც არიან.
ერთ ინტერვიუში გალინდესს ნათქვამი აქვს, რომ თავისი პირველი გოლი მას მესიმ გაუტანა, როდესაც ბავშვები მხოლოდ 5 წლის იყვნენ. ახლაც, 30 წლის შემდეგ, ისევ შეხვდნენ და ლეომ ისევ გაუტანა.
გასაგებია, რასაც ნიშნავს ეს შეხვედრა მეკარისთვის, რომელიც დიდი ვარსკვლავი ვერ გახდა. ხოლო ლეომ აჩვენა რა კაციც არის – ამდენი წლის შემდეგაც არ დაივიწყა ბავშვობის მეგობარი, ვისთან ერთადაც როსარიოს ეზოებში ბურთს დასდევდა.
ბარემ ესეც:
მესიმ 65-ე ჯარიმა გაიტანა და ბექჰემს დაეწია. რონალდოს 60 აქვს გატანილი ჯარიმიდან.
მესის 13 გოლი და 5 ასისტი აქვს ბოლო 13 მატჩში კლუბსა და ნაკრებში.
მესი გაუთანაბრდა სუარესს შესარჩევ ტურნირებზე სამხრეთამერიკულ ნაკრებებში გატანილი გოლებით – 29.
მესიმ გაიტანა 104-ე გოლი არგენტინის ნაკრებში 176 მატჩში. მეორეადგილოსან ბატისტუტას ანგარიშზე 56 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings