ევროტურნირში “ქუთაისი 2010”-ის დებიუტი შედგა. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში კოტე ტუღუშისა და კახა დარახველიძის გაწვრთნილი იმერული კლუბი სლოვაკეთის ჩემპიონ “ლევიცე პატრიოტის” შეხვდა და 87:111 (სტატისტიკა) დამარცხდა. რაკი ეს გახლდათ ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ტურნირი, ქუთაისელები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს დაემშვიდობნენ და გადაინაცვლეს ფიბა-ევროპის თასზე, სადაც J ჯგუფში იქნებიან გერმანულ ტელეკომ ბონთან, ბულგარულ ბალკანთან და ბილბაო (ესპანეთი)-ნეპტუნასს (ლატვია) შორის გამარჯვებულთან. ფიბა-ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის თამაშები 9 ოქტომბერს დაიწყება.
ქუთაისი ანტალიაში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში იმ გუნდებს შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ სეზონში საკუთარ ქვეყანაში ჩემპიონობა მოიპოვეს. სწორედ ამიტომ, როგორც ჩემპიონები, საკვალიფიკაციოდან გავარდნილი გუნდები ფიბა-ევროპის თასზე ინაცვლებენ. საკუთრივ ამ ტურნირზეც დიდია კონკურენცია და თუკი საკმარისი რეიტინგი არ გაქვს, ტურნირში მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციო უნდა გაიარო. ქუთაისელებს ამ გზის გავლა აღარ მოუწევთ და როგორც ვთქვით, პირდაპირ ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ქუთაისს მოგების შანსი ფაქტობრივად არ ჰქონია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მეტოქე უსაშველოდ წინ არ გაუშვია. პირველი პერიოდის შემდეგ სლოვაკური გუნდი 9 ქულა სიგებდა, დიდ შესვენებამდე კი ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდა. ბოლო პერიოდის წინ ლევიცე 16 ქულას იგებდა, მაგრამ ქუთაისელებს რესურსი არ ეყოთ თამაშის გადასარჩენად.
იმერულ კლუბში ორმა ლეგიონერმა ითამაშა – ელია ჯოინერი 23 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო. ჯოშ ფორტუნმა 17 ქულა დააგროვა, ქართველთაგან კი თავი ბექა ბექაურმა (12 ქულა), აკაკი დვალიშვილმა (12), გიორგი კორსანტიამ (11) და გიორგი სულაბერიძემ (10) გამოიჩინეს.
GIPHY App Key not set. Please check settings