როგორც იქნა: „მანჩესტერ სიტი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა – გუნდმა ბოლოს და ბოლოს მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება.
ფინალში ინგლისურ გრანდს „ინტერი“ შეხვდა და მოლოდინის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ დიდად ვერ აჯობა. შესაძლოა საერთოდაც ვერ აჯობა. აუტსაიდერად მიჩნეულმა მილანურმა გუნდმა „ქალაქელებს“ საქმე გაუპრობლემა – ტაქტიკურად გამართულად ითამაშა, საკუთარი სცენარით მოქმედებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ საერთო ჯამში, რთულად, მაგრამ უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა: საჯარიმოში შეჭრილი როდრი უყურადღებოდ დარჩათ და მანაც უზუსტესად შემოატარა ბურთი მცველებს და აუღებელი დაარტყა.
„ინტერს“ თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა, განსაკუთრებით ლუკაკუმ დააღალატა, ჯერ პარტნიორის დარტყმულს „გადაეღობა“ და ბურთი კარში არ გაუშვა, მერე თავად ძალიან ახლო მანძილიდან საოცარია როგორ ვერ გაიტანა.
„სიტი“ გახდა მე-6 ინგლისური კლუბი ისტორიაში („მანჩესტერი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „ნოტინჰემი“, „ასტონ ვილა“), რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მანჩესტერ სიტი – ინტერი 1:0
10.06. სტამბოლი. ათათურქ ოლიმპიატი. 71 412 მაყურებელი
გოლი: 1:0 როდრი (68. ბერნარდო სილვას პასით)
სიტი: ედერსონი – აკე, რუბენ დიასი, აკანჯი – სტოუნზი (82. უოლკერი), როდრი – ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (36. ფოდენი), გიუნდოგანი, გრილიში – ჰოლანდი
ინტერი: ონანა – დარმიანი (84. დ’ამბროზიო), აჩერბი, ბასტონი (76. გოსენსი) – დუმფრისი (76. ბელანოვა), ბარელა, ჩალჰანოღლუ (84. მხითარიანი), ბროზოვიჩი, დიმარკო – ლაუტარო მარტინესი, ჯეკო (57. ლუკაკუ)
გაფრთხილება: ბარელა (59), ლუკაკუ (83), ჰოლანდი (90+2), ონანა (90+2), ედერსონი (90+4)
არბიტრი: შ. მარცინიაკი (პოლონეთი)
„სიტიმ“ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი.
„სიტიმ“ ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი – მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.
„სიტიმ“ ისტორიაში მეორე ევროთასი მოიგო: 1970 წელს თასების თასი მოიპოვა.
პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში მეორედ მოიგო ერთ სეზონში 3 მთავარი ჯილდო (პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა) და გახდა პირველი სპეციალისტი, ვინც ეს მეორე კლუბთან ერთად მოახერხა. პირველი იყო „ბარსელონა“ 2008/09 წლების სეზონში.
გვარდიოლა მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, დაეწია ზიდანს და ჩამორჩება მხოლოდ ანჩელოტის.
გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში 35-ე ტიტულს დაეუფლა.
ჰოლანდმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა. ის 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი და 7 საგოლე პასით საუკეთესო ასისტენტი გახდა.
ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 ფინალიდან 3 მოიგეს.
„ინტერმა“ ჩემპიონთა თასის 6 ფინალიდან 3 წააგო.
იტალიელ მწვრთნელებს ყველაზე მეტჯერ (12) აქვთ მოგებული ჩემპიონთა თასი. მეორე ადგილზე ესპანელი მწვრთნელები არიან 11 გამარჯვებით.
ეს ინძაგის ყველა ტურნირზე მე-14 ფინალი იყო – აქამდე ყველა მოგებული ჰქონდა.
პირველად მოხდა, რომ ერთი ქვეყნის სამმა კლუბმა ერთ სეზონში სამივე ევროთასის ფინალი წააგო („რომამ“ ევროპა ლიგაზე, „ფიორენტინამ“ კონფერენს ლიგაზე“, „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე).
მანჩესტერი გახდა მეორე ქალაქი მილანის შემდეგ, რომლის ორ გუნდს აქვს მოგებული მთავარი ევროთასი.
პეპ გვარდიოლა:
„დავიღალე. მშვიდად ვარ. გამარჯვების მოპოვება ძნელი იყო. ჩვენს დონეზე ვერ ვიყავით, საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ტრებლის გაფორმება რთული იყო. ამ მოვლენის სასტუმროში ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებთ. ორშაბათს მანჩესტერში აღლუმი გაიმართება“.
GIPHY App Key not set. Please check settings