ვივა კამპიონესო თქმულა და ჩემპიონად წოდებულმა ლიგამ ახალი სეზონის ათვლა გუშინ დაიწყო. ჩვენი ყურადღება გამორჩეულ მატჩებზე შევაჩეროთ და იმედია, “ბენფიკა” – “მაკაბის” წყვილი დიდად არ დაგვძრახავს, მაგრამ ამ მატჩში გრიმალდომ ისეთი გაიტანა, ნაღდად სანახავია.
პირველი მატჩი და პირველი სენსაცია ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაფიქსირდა. ადგილობრივმა “დინამომ” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მიროსლავ ორშიჩმა მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა და მეტი არც არაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმში მარკ კუკურეიას ჰქონდა მაგარი შანსი, მაგრამ დაცვამ ივარგა.
დათო ხოჭოლავას “კოპენჰაგენი” “დორტმუნდს” შეხვდა გასვლაზე და 0:3 განადგურდა. ქართველი ძირითადში იყო და თავი ყვითელი ბარათითაც გამოიჩინა. როისი, გერეირო და ბელინგემი…
საოცარი შოუ ვნახეთ “სელტიკ პარკზე”, სადაც 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა “სელტიკმა” მეფე “რეალს” უმასპინძლა და 0:3 კი დამარცხდა, მაგრამ მაყურებლის გულები კი მოიგო.
შეუპოვარი და შემტევი პირველი ტაიმი, როდესაც “რეალი” ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს და წნეხის ქვეშ მყოფი ლოს ბლანკოსი, ამას ხშირად ვერ ნახავთ, მაგრამ მეორე ტაიმში ნამდვილი “რეალი” ვიხილეთ და მაღალმა კლასმა თავისი ქნა.
სამივე გოლი ერთმანეთზე გამორჩეული იყო. ვინისიუს ჟუნიორის გოლისას მადრიდელებმა 31 პასი გადააბეს და რეკორდიც დაამყარეს, რადგან ოვერმარსის გოლზე 28-იანი ნიშნული დაფიქსირდა.
შემდეგ იყო ლუკა მოდრიჩ-დავინჩის დრო. ამ გოლს ვერ მოგიყვებით, უბრალოდ ნახეთ.
და ალუბალი ტორტზე, ედენ აზარმა ლამის 2 წლიანი პაუზის შემდეგ ლიგაზე გოლი გაიტანა.
წავედით და მივადექით პარიზს, სადაც დღის ცენტრალური მატჩი შედგა. “პსჟ”-“იუვენტუსი”. აფიშა დიდებული და ვერც პერფორმანსზე ვიტყვით ცუდი იყოო. კილიან მბაპეს მოპარული შოუ, 22 წუთში შესრულებული დუბლი და გაწბილებული ბებერი ქალბატონი. მაკკენიმ ერთი კი შეაგდო, მაგრამ ეს იყო და ეს.
“ზალცბურგი” 1:1 “მილანი”. როსონერის მომენტები მრავლად ჰქონდა, მაგრამ ანგარიში ოკაფორმა გახსნა და უბრალოდ სანახავთა ნუსხაში ეს გოლი მინიმუმ მე-3 საფეხურზეა. მილანელი კალულუ ბოატენგის სტილში გაზონს ემთხვია და… სალმაკერსმა გაათანაბრა და როსონერიმ 2 ქულა დაკარგა.
ჰოოლანდ, ჰოოოლანდ, ყველა დარტყმა გოლია… რა გინდა ამ კაცს მოუხერხო? 7 მატჩი და 12 გატანილი გოლი – ეს ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის მონაგარია. გუშინ “სიტი” ანდალუსიას ეწვია და “სევილიას” უმარტივესად მოუგო – 4:0. ჰოლანდმა დუბლი შეასრულა, ცა ლურჯია და სხვა მსგავსი ტიპის გადაცვეთილი სიახლეები უკვე გეცოდინებათ.
დღეს კი საქმეში დანარჩენი 16 გუნდი და ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ერთვება, რომელიც “ლივერპულს” მასპინძლობს, თან მერსისპირელთა ლაზარეთი დაცარიელდა…
GIPHY App Key not set. Please check settings