უკრაინის ჩემპიონატის 28-ე ტურში „შახტარმა“ კიევის „დინამოს“ დამარცხება შეძლო 1:0 და ორი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
„შახტარი“ მეთხუთმეტედ დაეუფლა ოქროს მედლებს.
ირაკლი აზაროვი ძირითადში იყო და 71-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო სკამზე დარჩა.
„შახტარს“ 15 მაისს, თასის ფინალიც აქვს სათამაშო, „ვორსკლასთან“.
ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „კონკარნოს“ ესტუმრა და 2:4 წააგო. დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა. შეფასება – 6.3. ანგარიში ქართველის გუნდმა გახსნა, მაგრამ 30-ე წუთზე კაცი გაუგდეს და მერე მასპინძლებმა იძალეს.
„ბორდომ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 47 ქულით მე-13 ადგილზეა.
ამასობაში, ქართველი კლუბის ფანებმა აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ზურიკომ 5 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა „კრემონეზეში“, რომელმაც „ჩიტადელა“ 3:0 დაამარცხა. კრემონელებმა სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში ითამაშებენ.
ლოჩოშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო, შეფასებად კი 7.2
პოლონეთში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „შლიონსკს“ ესტუმრა და განადგურდა – 0:4. ქართველმა მცველმა 63 წუთი ითამაშა. შეფასება – 6.4. სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილია, ხოლო „კრაკოვიას“ გავარდნის საფრთხე ჯერაც ემუქრება.
„ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ ლიდერს, „ეიბარს“ დაუპირისპირდა და ლა ლიგაში გადასვლის შანსი ბოლო წუთებზე გადაარჩინა – 2:2.
გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. „ლევანტემ“ მატჩი კარგად დაიწყო.
39 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 56 ქულით მე-11 ადგილზეა, მაგრამ სამი ტურით ადრე პლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
შვეიცარიის პირველობის გასავარდნი გუნდების ჯგუფში „ლუცერნმა“ „ბაზელს“ უმასპინძლა და ქულები გაიყო – 0:0. „ბაზელის“ შემადგენლობაში გაბრიელ სიგუა გამოჩნდა, 59-ე წუთზე შევიდა. მისი შეფასება 7.0-ია. მას შემდეგ, რაც ტრავმა მოირჩინა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრა ჩაატარა. „ბაზელს“ კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ სამ ტურში ორი ქულაც ეყოფა.
საბა ლობჟანიძემ MLS-ში შესანიშნავი თამაში ჩაატარა. გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა „ატლანტა იუნაიტედისთვის“, რომელიც „DC იუნაიტედთან“ საშინაო შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
მე-16 წუთზე ქართველი ნახევარმცველის განვითარებული იერიში პენალტით დასრულდა.
48-ე წუთზე საბა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და ავტოგოლად ჩაითვალა.
მატჩის MVP სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბოლო 9 შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ უკვე მეხუთედ აღიარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings