in

ჩემი ხედვა 100 პროცენტით შეცვლილია… საბა გოგლიჩიძე ემპოლიში” რჩება და მომავალ სეზონს იმედით უყურებს.

საბა გოგლიჩიძე რჩება “ემპოლიში”, რომელიც სერია A-დან გავარდნას სასწაულად გადაურჩა და იმედოვნებს, რომ ახალი სეზონიდან სათამაშო პრაქტიკა ექნება, – ამის შესახებ ქუთაისის “ტორპედოდან” იტალიურ კლუბში ამ წლის იანვარში გადასულმა 19 წლის მცველმა “ლელოსთან” ინტერვიუში ისაუბრა…

პირველი სეზონი გაატარეთ “ემპოლიში”, რომელიც დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა. ეს დრო გუნდთან შესაგუებლად დაგჭირდებოდათ და არ გითამაშიათ, მაგრამ შემდეგი სეზონიდან ყველა ელის, რომ სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებ. რას ფიქრობთ, საამისოდ მზად ხართ?

ვფიქრობ, უკვე მზად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არ მითამაშია, “ემპოლიში” ჩემ მიმართ ყველანაირად კარგი მიდგომა იყო. უთამაშებლობას კი თავისი მიზეზები ჰქონდა…

ეს არის საინტერესო…

მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფიზიკური მოუმზადებლობა იყო. საქართველოში ვთამაშობდი და კარგად იცით, აქ თამაშები რა ტემპშიც მიმდინარეობს, მე კი ამას ვიყავი შეჩვეული. იტალიაში ადრე რომ ჩავსულიყავი, კიდევ შეიძლებოდა მათი მოსამზადებელი შეკრებით კონდიციების გაუმჯობესება. მაგრამ გუნდს შუა სეზონში შევუერთდი და მზადება სეზონის მსვლელობისას მიხდებოდა.

“ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდშიც არ თამაშობდით?

მხოლოდ ვვარჯიშობდი. ახლა ფიზიკური მოძლიერება მჭირდება, შუა სეზონში რომ ჩავედი, საამისოდ დრო არ იყო. მაგრამ სამომავლოდ ძალიან დიდი იმედი აქვთ და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სეზონიდან ვითარება შეიცვლება, რადგან ჩემ მიმართ მწვრთნელის, პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის დამოკიდებულება მაიმედებს.

სხვა გუნდში იჯარით გაშვებაზეც არ ყოფილა ლაპარაკი?

არ ყოფილა, რადგან დიდი იმედი აქვთ, რომ მოვუმატებ და ახალ სეზონში გუნდს გამოვადგები.

თქვენი ვითარება გასაგებია, რადგან საქართველოდან გადახვიდე სერია A-ს გუნდში და უცებ ითამაშო, ძალიან რთულია – კიბის პირველი საფეხურიდან უცებ მეთორმეტეზე ვერ გადახტები. რას ფიქრობთ, ახლა ფიზიკური კონდიციებით რომელ საფეხურზე ხართ?

რომ ჩავედი, მგონი, პირველ საფეხურზე ვიყავი, ახლა კი, ამ ხუთთვიანი მომზადების შემდეგ ვფიქრობ, მეხუთეზე მინც ვარ, თამაში რომ დაიწყო, 7-8 საფეხურის გავლაა საჭირო, ამას კი მოსამზადებელი ეტაპის საშუალებით მიაღწევ. მე-10 საფეხურზე პრაქტიკით და გამოცდილებით ახვალ. ამის დრო სეზონის დაწყებამდე მექნება და მინდა, შეკრება მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო, ახალ ჩემპიონატამდე 100 პროცენტით მზად რომ ვიყო.

იტალიელი მცველები თავისი კლასით ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ, რადგან ძლიერი სკოლა აქვთ. ყველაზე მთავარი რა იყო, რაც ისწავლეთ?

პირველი, რაც იტალიელ მცველებს ახასიათებთ, არის ის, რომ აგრესიულები არიან, ოღონდ, არა – უხეშები. იტალიაში მსაჯობის მხრივ შედარებით თავისუფლებაა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ხისტად თამაშობენ. ძალიან რთულია, იტალიელი მცველებისგან ბევრი რამ არ ისწავლო. აქ თამაშის დროს და ახლა, იტალიაში გატარებული პერიოდის შემდეგ, მცველის ფუნქციებზე ჩემი ხედვა 100 პროცენტით შეცვლილია, იმდენად განსხვავებული მიდგომები აქვთ იტალიაში.

თქვენს ერთ-ერთ პლუსად ბურთის დაცვიდან სწრაფ ამოტანას და მაღალი პრესინგის მიმართ მაღალ პოტენციალს ასახელებდნენ. ამ კუთხით წინ წახვედით?

ბურთთან ერთად სივრცის მოგებას რაც შეეხება, ამას საქართველოშიც ვაკეთებდი. მაგრამ ასეთი დავალება არ მქონდა. სივრცე რომ მქონდა, ჩემს თავზე ვიღებდი თამაშს და წინ საკუთარი სურვილით და ინიციატივით მივდიოდი. იტალიაში კი ეს მცველისთვის 100 პროცენტით გამართლებული ქმედებაა.

ამიტომაც დააკლდა კინ მინ ჯე “ნაპოლის”…

წინ წასვლა ჩემთვისაც უფრო კომფორტულია. როდესაც გრძნობ უპირატესობას, რომ კაცზე წასვლა და მოტყუება შეგიძლია, პირველი შენ წაიღებ ბურთს, რადგან ამის უფლება გაქვს.

სეზონებს შორის პერიოდში სავარჯიშო პროგრამა გაქვთ თუ დროებით ვარჯიში გვერდზე გადადეთ?

არა, ახლაც ვვარჯიშობ. გუნდმა სავარჯიშო პროგრამა მომცა, შეკრებაზე გარკვეულ კონდიციებში მყოფი რომ შევუერთდე. ამიტომ ახალ სეზონთან დაკავშირებით დიდი იმედები მაქვს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპისთვის დანომრილი საქართველო: საბოლოო განაცხადი – ვინ რა ნომერია

კონტე გერმანიაში მიდის, კვარა უნდა ნახოს: კიდევ ერთი სეზონი ნაპოლიში – პსჟ ქართველს ვერ ყიდულობს