საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი მატჩი დამაჯერებლად მოუგო გიბრალტარს 4:0. უდიდესი უპირატესობისას ჩვენებს არაერთი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნახევრის რეალიზებაც ვერ მოახერხეს. ასეა თუ ისე, დასაწყისი მართლაც მშვენიერია და ახლა სამი ერთმანეთზე მნიშველოვანი და ალბათ გადამწყვეტი თამაშების დრო დგება.
მოსაგები მოგებით დავიწყეთ: საქართველომ გიბრალტარი 4:0 დაამარცხა
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთმელმა ვილი სანიოლმა.
ვილი სანიოლი:
შესაძლოა, გიბრალტარი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე „პატარა“ გუნდია, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე ვიყავით ფოკუსირებულები. მიმაჩნია, რომ პირველი ტაიმის საწყისი 25 წუთი და მატჩის დასკვნითი 20 წუთი კარგი იყო, თუმცა თამაშის შუა ნაწილით უკმაყოფილო ვარ. მეტის გაკეთება შეგვეძლო.
ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ, 4:0 მოვიგეთ საკუთარ მოედანზე, რაც თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია. ახლა განსხვავებული თამაშები გველის, უფრო ძლიერ მეტოქესთან და ვფიქრობ, რომ მოთამაშეები ამისთვის მზად არიან. ახლა არ მინდა ჩრდილოეთ მაკედონიაზე ვიყო კონცენტრირებული, რადგან ჯერ ბულგარეთთან გვაქვს თამაში.
ყველამ დავინახეთ, რომ მიქაუტაძე განსხვავდებოდა იმ მოთამაშისგან, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში ვიხილეთ. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ იმუშავა საკუთარ თავზე ბოლო თვეებში. ვფიქრობ, მან გაანალიზა, რომ მარტში ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე. ის ძალიან პროდუქტიული იყო.
საბა ლობჟანიძე სწორედ იმის გამო მიყვარს, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე შეუძლია სირბილი. ის პირველ რიგში არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდზე ფიქრობს, რაზეც მისი საგოლე პასებიც მეტყველებს.
მომდევნო 48 საათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა აღვიდგინოთ ენერგია და მოვემზადოთ მომდევნო თამაშებისთვის.
ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძემ დაიმსახურა თამაში. მან ზუსტად იმიტომ ითამაშა, რომ ბოლო დღეებში ძალიან მონდომებული იყო. ის ტალანტია, თუმცა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა. თუ ყველაფერს გაიღებს, თამაშის შანსი აუცილებლად ექნება, თუ არა – სათადარიგოთა შორის ან სახლში დარჩება. მან საკმაოდ დიდი დრო გაატარა მოედანზე, ჰქონდა როგორც კარგი, ისე არც ისე კარგი ეპიზოდები, თუმცა ეს კარგი იყო მისი თავდაჯერებისთვის. მას უნდოდა დახმარებოდა გუნდს და ეს პოზიტიური მომენტია.
არ ვიცი, იქნება თუ არა ბულგარეთთან შემადგენლობაში, რადგან თავად მოითხოვა შეცვლა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს აღდგენას.
ვფიქრობ, რომ თამაშის შუა ნაწილში ფეხბურთისადმი ნაკლები პატივისცემა გამოვიჩინეთ. ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან, რადგან არ გვქონდა 100-პროცენტიანი კონცენტრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვარ მთელი თამაშით. ამავდროულად, ჩემი სამუშაოს ნაწილია, რომ ბოლომდე არ ვიყო კმაყოფილი. თუ გვსურს, რომ უკეთესები გავხდეთ და განვვითარდეთ, ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რაც გასაუმჯობესებელია. თამაში 4:0 მორჩა, თუმცა უფრო მეტი კონცენტრაციით და გუნდური სულისკვეთებით, შესაძლოა ანგარიში უფრო დიდი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მთლიანობაში პოზიტიური შეგრძნებები მაქვს.
ექვსი თვეა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. მგონია, რომ ეს არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფანებისთვის და ჟურნალისტებისთვის. მთავარია, თუ რას აკეთებს გუნდი ბურთით და ბურთის გარეშე. ამ ტაქტიკით გარკვეულ სტაბილურობას მივაღწიეთ და რთულია, რომ რაიმე შევცვალო. გემახსოვრებათ, სექტემბერში არ გვქონდა კარგი პერიოდი, ახლა კი მიღწეული სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ხუთი გამარჯვება და ერთი ფრე გვაქვს. დიდი ალბათობით ისევ სამი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ.
დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მრავლად მოვიდნენ და პირველიდან ბოლო წუთამდე გვამხნევებდნენ, როგორც ეს ერთი წლის წინ, ესპანეთთან მატჩის დროს იყო. იმედი მაქვს, 12 ივნისსაც იგივე გარემო და ანალოგიური შედეგი იქნება.
ქომაგებთან ერთად მიზანს მივაღწევთ: კარგია, რომ დამაჯერებლად მოვიგეთ
GIPHY App Key not set. Please check settings