ტურის მთავარი ამბები ლონდონში მოხდა. ჯერ იყო და ერთმანეთს “ვესტ ჰემი” და “მანჩესტერი” შეეჯახნენ. რონალდომ მორიგი გოლი გაიტანა. თამაში კარგი სანახავი გამოვიდა: იყო ტემპი, სახიფათო მომენტები, ემოცია, ორმხრივი მოგების სურვილი და ბოლოს მშვენიერი ინტრიგაც. სულშერმა ჯესი ლინგარდი შეცვლაზე შეუშვა. ეს კი ის ბიჭია, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ “ვესტ ჰემში” გაატარა და იქაურებს თავი შეყვარა, რადგან ისე ათამაშდა, უკვე რომ არავინ ელოდა. ჯესიმ თავი დიდებული გოლით გამოიჩინა, თანაც მიწურულს, 89-ე წუთზე და გმირიც უნდა გამხდარიყო, რომ არა დამატებული დროის სულ ბოლოს მომხდარი დრამა. მასპინძლებს VAR-ზე პენალტი მისცეს. სანამ ეს ამბავი გაირჩეოდა და 11-მეტრიანის დანიშვნა გადაწყდებოდა, დევიდ მოიესმა მინდორზე ვეტერანი ნოუბლი სპეციალურად პენალტის დასარტყამად შეუშვა. დე ხეა კი ის მეკარეა, პენალტებს რომ ვერ იღებს… ახლა მოიგერია და გუნდს ქულები გადაურჩინა, რის გამოც ცხრილში “იუნაიტედი” თანალიდერად დატოვა.
სტადიონზე მივიდა ნორჩი გულშემატკივარი მოკრძალებული ბანერით: “რონალდო, შენ ჩემი გმირი ხარ”, – დააწერა ბიჭმა მუყაოს ქაღალდზე.
მოკლედ, სამი გმირი ჰყავს ამ თამაშს – აგერ რონალდო, იქით კიდევ ლინგარდი და დე ხეა.
სამნი არიან ცხრილის სათავეშიც.
მეორე ლონდონური ამბავი “ტოტენჰემის” სტადიონზე მოხდა. თუმცა უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ვერ შედგა. “ჩელსიმ” დიდი უპირატესობით მოიგო და აქ მარტო ანგარიში არ იგულისხმება. მაშინც კი, როდესაც ანგარიში 2:0 იყო “ჩელსის” სასარგებლოდ, ისევ სტუმრები უტევდნენ გამეტებით და არაერთი გატანის შანსიც ჰქონდათ. მოკლედ, ტუხელს და მის ბიჭებს იოლი გამარჯვება გამოუვიდათ.
ასეა თუ ისე, 13 ქულით პრემიერლიგაში სამხელისუფლებიანობაა, რომელთაც 3 ქულით ჩამორჩა მოულოდნელად გოლის ვერგამტანი და ბოლო წუთზე გოლგაუქმებული “სიტი”.
ლივერპულს“ 15 წაუგებელი მატჩი აქვს პრემიერლიგაში – 12 მოგება და 3 ფრე.
კლოპი: „ერთ-ერთი ყველაზე რთული 3:0 ისტორიაში. ძნელია ითამაშო ოთხშაბათს და მერე შაბათს“.
სადიო მანემ „კრისტალ პალასს“ ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაუტანა.
მანემ „ლივერპულში“ მე-100 გოლი გაიტანა.
„სიტიმ“ 4 წელიწადში პირველად მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში.
„სიტიმ“ შეწყვიტა 4-მატჩიანი მოგებათა სერია.
გვარდიოლა: „ბევრი ბურთი დავკარგეთ, პრობლემები იყო დაცვიდან ამოსვლაში. არ იყო შეთანხმებული თამაში შეტევასთან“.
„არსენალმა“ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო 1:0 თავიდან სამი თამაშის (საერთო ანგარიშით 0:9) წაგების შემდეგ.
„ევერტონის“ მცველმა ლუკა დინმა საკუთარ კარში გაიტანა, რაც მისთვის მესამე ავტოგოლია პრემიერლიგაში. ამით მან ფრანგი მცველებისთვის ანტირეკორდი გაიმეორა.
ჯეიმი ვარდიმ 150-ე გოლი გაიტანა “ლესტერის” შემადგენლობაში.
ჰარი კეინს 0 გოლი აქვს 4 მატჩში.ეს უარესი სტარტია 2015 წლის შემდეგ.
„ჩელსი“ არ აგებს 8 მატჩია.
„ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 6 თამაშია „ჩელსის“ ვერ უგებს – 5 წაგება და 1 ფრე.
„მანჩესტერი“ 29 მატჩია პრემიერლიგაში გასვლაზე არ აგებს.
დე ხეამ პენალტი პირველად აიღო 2016 წლის 23 აპრილის შემდეგ. მაშინ მან რომელუ ლუკაკუს დარტყმა მოიგერია “ევერტონთან” შეხვედრაში. მას შემდეგ ესპანელმა ზედიზედ 40-ჯერ გაუშვა 11-მეტრიანი.
დე ხეა: “მარტო ერთი აზრი თავში: უნდა ავიღო”. გამომივიდა.
პრემიერლიგა – V ტური
ნიუკასლი – ლიდსი 1:1
ვულვერჰემპტონი – ბრენტფორდი 0:2
ბარნლი – არსენალი 0:1
ლივერპული – კრისტალ პალასი 3:0
სიტი – საუთჰემპტონი 0:0
ნორვიჩი – უოტფორდი 1:3
ასტონ ვილა – ევერტონი 3:0
ბრაიტონი – ლესტერი 2:1
ვესტ ჰემი – მანჩესტერი 1:2
ტოტენჰემი – ჩელსი 0:3
GIPHY App Key not set. Please check settings