სრული კატასტროფა – ამგვარად შეიძლება შეფასდეს “ჩელსი” ბოლო პერიოდში. გუნდს ბოლო 9 პრემიერ ლიგური მატჩიდან ერთადერთი აქვს მოგებული, მე-10 საფეხურზეა და გასავარდნ და ოთხეულის ზონასთან თანაბარი, 10 ქულიანი დისტანცია აქვს.
“ეს ყველაზე რთული სამსახურია ფეხბურთში, რადგან უდიდესი კონკურენციის ფონზე შენგან უდიდესი მოლოდინია. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება” – ეს კი გრემ პოტერის სიტყვებია, რომელსაც ნდობის დიდი მანდატი აქვს და დაიწერა, რომ ზაფხულამდე მისცემენ დროს, თუმცა მიჯრით წაგებების სერია თუ გაგრძელდა…
“ფულემმა” მიტროვიჩის გარეშე მოიგო, რაც ცალკე გამოსაყოფი მოვლენაა, რადგან მიტრომ 2022 წელს გამართულ 47 მატჩში 41 ბურთი შეაგდო.
ანგარიში “ჩელსის” ყოფილმა კაცმა, ვილიანმა გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში კალიდუ კულიბალიმ ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი კარლოს ვინისიუსმა პირველი პრემიერ ლიგური გოლი გაიტანა და ქოთიჯერებს მორიგი 3 ქულა გაუფორმა. ჰო, “ფულემი” მე-6 საფეხურზეა და ოთხეულამდე სხვაობა 4 ქულაა.
ახლა კი დებიუტი – ჟოაუ ფელიქსი, რომელიც “ჩელსისთვის” პირველი მოთამაშეა, ვინც სადებიუტო მატჩში წითელი მიიღო. არადა, პირველი ტაიმის განამვლობაში ჟოაუ საოცარი იყო. უამრავი დრიბლინგი, დარტყმის მცდელობა და შეტევის ავანგარდში მოქცევა – ეს მოახერხა “ატლეტიკოდან” იჯარით მოსულმა 23 წლის ბიჭმა პირველსავე მატჩში, თუმცა 58-ე წუთზე შესრულებული ვარდნა საბედისწერო აღმოჩნდა.
წარსულში, “არსენალის” ჟერვინიომ მიიღო პირველ პრემიერ ლიგურ მატჩში წითელი და ასეთები სხვაც ყოფილა, მაგრამ ჟოაუ იჯარით მოსული კაცია და მინიმუმ 3 მატჩს გამოტოვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings