ქართველ გულშემატკივარს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის კარიერა უახლოეს მომავალში იმ გზით წავა, როგორც ყველას გვინდა.
ამაში კი უპირველეს ყოვლისა იმას ვგულისხმობთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი აუცილებლად ითამაშებს რომელიმე ტოპ-ლიგაში, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს თავისი ნიჭითა და საფეხბურთო მასშტაბით.
მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე ამ დროისთვის ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარ “უოტფორდის” ღირსებას იცავს. ამ კლუბში კი მოვლენენები საინტერესოდ ვითარდება.
სულ ორიოდე დღის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი სამომავლო გეგმებს აწყობდა – ჩაკვეტაძე და სხვა წამყვანი ფეხბურთელები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთო…
მაგრამ ნათქვამია – კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. სწორედ ეს დაემართა ქლევერლის, რომელსაც “უოტფორდის” ხელმძღვანელობამ კარისაკენ მიუთითა.
ამ ეტაპზე ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, ვინ ჩაიბარებს ჰერტფორდშირულ კლუბს. ქლევერლის კი ვერ აპატიეს, რომ გუნდმა არათუ ორ საუკეთესოს (პირდაპირ რომ გადადიან პრემიერ ლიგაში) შორის, საპლეიოფო ზონაში მოხვედრაც ვერ შეძლო.
არადა, შემადგენლობის თვალსაზრისით, “უოტფორდი” ურიგოდ არ არის დაკომპლექტებული და ექსპერტების აზრით, საუკეთესოთა შორის დაბრუნებისთვის უნდა ებრძოლა…
ორიოდე დღის წინ, ქლევერლი თავს იმართლებდა – წამყვანი ფეხბურთელების და, მათ შორის, ჩაკვეტაძის ტრავმა რომ არა, შედეგები უკეთესი გვექნებოდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, რომ ამ არგუმენტმა არ გაჭრა.
მოკლედ, “უოტფორდის” ბანაკში ერთგვარი გაურკვევლობაა. რაც შეეხება ჩაკვეტაძის ტრავმას, საეჭვოა, მოასწრებს თუ არა ის გამოჯანმრთელებას ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის.
მთავარია, გიორგი მზად იყოს სექტემბრის დასაწყისისთვის, როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ჩაებას და თბილისში ერთმანეთის მიყოლებით შეხვდეს თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს…
ახლა, რაც შეეხება ჩაკვეტაძის საკლუბო მომავალს. გადავხედეთ ბრიტანულ მედიას, მოვიძიეთ გარკვეული ინფორმაცია და შეგვიძლია დავწეროთ, რომ შენარჩუნებულია ინტერესი “ევერტონისა” და “ვულვზის” მხრიდან.
“ევერტონმა” დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით ბოლო დროს თამაში კი გამოასწორა, მაგრამ გუნდს ძალიან სჭირდება რბილი ყაიდის შემოქმედებითი ფეხბურთელი. “ვულვზი” კი, წესით, უნდა შეელიოს გამოკვეთილ ლიდერ მატეუშ კუნიას.
ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევს მსურველები ნამდვილად არ აკლია. მათ შორის, ყველაზე მეტად ინგლისური ფეხბურთის გრანდები აქტიურობენ.
სულ ახლახან კი ავანსცენაზე ჩაკვეტაძით დაინტერესებული კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა – “ლიდსი”, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოიგო ჩემპიონშიფი და აღზევდა პრემიერ ლიგაში, სადაც კარგა ხანს აპირებს გაჩერებას.
“ლიდსს” წარსული არ დაეწუნება. გვახსოვს, ორიათასიანების სტარტზე დევიდ ო’ლირის დიდებული გუნდი ახალგაზრდა, “გიჟი” ბიჭებით – მარკ ვიდუკათი, ლი ბოუიერით, ჰარი კიუელით, ალან სმიტით, ლუკას რადებეთი და სხვებით.
თანამედროვე “ლიდსი” ძალიან საინტერესო გუნდია. მან “ბარნლისთან” ერთად ზედამაჯერებლად მოიგო (ორივემ 100-100 ქულა დააგროვა, “ლიდსმა” კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა) ჩემპიონშიფის მარათონული გათამაშება.
აღსანიშნავია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში “ლიდსი” შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იორკშირელებმა მეტოქეთა კარში 95 გოლი გაიტანეს. ეს კი არამხოლოდ სარეკორდო მაჩვენებელია ჩემპოიონშიფში, არამედ, ბევრით აღემატება სხვა კლუბების მაჩვენებლებს.
“ლიდსს” კარგი მწვრთნელი ჰყავს – 48 წლის დანიელ ფარკე, რომელიც თავის დროზე “დორტმუნდის” მეორე გუნდის დამრიგებელ იყო. ამის შემდეგ იმუშავა ინგლისურ “ნორვიჩში”, რუსულ “კრასნოდარსა” და ასევე გერმანულ “გლადბახში”.
მომავალ პრემიერლიგურ სეზონში “ლიდსი” ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ უნდა იყოს. კლუბის ღირსებას არაერთი ცნობილი ფეხბურთელი იცავს.
ქართველი გულშემატკივარი შესანიშნავად იცნობს დომინიკელ ჟუნიორ ფირპოს, უელსელებს – ითან ამპადუს, ჯო როდონს და დანიელ ჯეიმსს, ისრაელის წარმომადგენელ მინორ სოლომონს, ფრანგ ჯოშუა გილავოგის, ამერიკელ ბრენდენ აარონსონსა და იტალიელ ვილფრიდ გნონტოს.
რაც მთავარია, “ლიდსი” ყოველთვის შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ, ვნახოთ…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings