გიორგი შერმადინი ფიბა-ს რანგით უმაღლესი საკლუბო ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეა. ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა სარეკორდო ნიშნულის გადალახვა ტურნირის ოთხთა ფინალურ მატჩში მოახერხა. ბელგრადი ჩემპიონთა ლიგის უძლიერესი ოთხეულის შერკინებას მასპინძლობს და პირველ ნახევარფინალში შერმადინის გუნდი ბერძნულ პერისტერის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 97:93 დაამარცხა.
ამ უაღრესად პრინციპულ მატჩში ქართველი ცენტრი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო. შეხვედრის ბოლო პერიოდში, შერმადინმა მორიგი ორქულიანი რომ ჩააგდო და 19 ქულას უწია, სწორედ ეს გამოდგა სარეკორდო ქულები. ქართველმა ცენტრმა გადაასწრო მანამდელ ყველა დროის ბომბარდირს, ჩეხ ვოიტეკ ჰრუბანს, რომელსაც 1112 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. შერმადინის საამმატჩო მე-19 ქულა ჩემპიონთა ლიგაში მითვლილი 1114-ე ქულა გახლდათ და ამით ის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. დარჩენილ დროში შერმინატორმა კიდე 2 ქულა მიითვალა და ჩემპიონთა ლიგის უმაღლესი ნიშნული სადღეისოდ 1116 ქულას შეადგენს.
თავად მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პერისტერი, რომელსაც ლეგენდარული ბერძენი უკანახაზელი, ვასილის სპანულისი წვრთნის, მთელი თამაში უძალიანდებოდა ჩემპიონთა ლიგაში ჭიპმოჭრილ (ორგზის ჩემპიონ) ტენერიფეს. მაშინაც კი, როცა ბოლო პერიოდში შერმადინისა და კაილი გაის მექულეობით ტენერიფე 12 ქულით გალიდერდა, პერისტერელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და შანსს კბილებით ეჭიდებოდნენ, მაგრამ მარსელინიო ჰუერტასმა ყველა ის საჯარიმო ჩააგდო, რომელიც ბერძნული კლუბის წევრებმა ტაქტიკური მიზნით, დროის მოსაგებად აიღეს. შესაბამისად, ტენერიფე დინჯად მივიდა გამარჯვებამდე და ფინალში გასული მეტოქეს უნიკახასა და მურსიას ნახევარფინალიდან ელოდება. დიახ, ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის 3 მონაწილე ესპანეთის წარმომადგენელია.
რაც შეეხება სტატისტიკას: შერმადინი სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ მისი როლი და შედეგი ერთ-ერთი მთავარი და უმაღლესი იყო მოედანზე. 26 წუთში გიორგიმ 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგო. მატჩის ბომბარდირი 34 ქულით შერმადინის თანაგუნდელი, კაილი გაი გახდა, მარსელინიო ჰუერტასმა კი 27 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
თუ ვინ შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ტენერიფე მოგვიანებით გაიგებს, როცა უნიკახასა და მურსიას ნახევარფინალური მატჩი დასრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings