დღეს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. უმაღლეს ლიგაში, რომელსაც მისი გენერალური სპონსორის გავლენით ლიგა ENDESA ეწოდება, 4 ქართველი ითამაშებს – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და მათე ხატიაშვილი. შენგელია ბარსელონას ღირესებას დაიცავს, შერმადინი – ტენერიფეს, ბურჯანაძე – გრანადას, ხატიაშვილი კი ბასკონიას. ხატიაშვილი 17 წლისაა და ბასკური გუნდის მაისურით მოედანზე შესაძლოა იშვიათად გავიდეს.
4 ოქტომბერს, პირველ ტურში ტენერიფე მანრესას მასპინძლობს, გრანადა ხუვენტუდს დაუხვდება, ბასკონია სარაგოსაში ითამაშებს, ხოლო ბარსელონა 5 ოქტომბერს სტუმრად ვალენსიას გაეჯიბრება. გიორგი შერმადინი ახალ სეზონს კაპიტნის ამპლუაში ხვდება. ის არ იქნება ერთი – ტენერიფეს 3 კაპიტანი ეყოლება, რაც კლუბმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.
საინტერესოა, რომ ლიგა ენდესას 2025-26 წლების სეზონში 10 ყველაზე ხნიერი კალათბურთელიდან 4 სწორედ ტენერიფელთა ღირსებას დაიცავს. უხუცესი უერტასია (42 წლის და 4 თვის), შემდეგ დორნეკამპი (39 წლის და 10 თვის) მოდის, შერმადინი (36 წლის და 6 თვის) მეექვსეა, ათეულს კი ტიმ აბრომაიტისია (36 წლის) აგვირგვინებს. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ლაგუნა ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ხნიერი გუნდია (საშუალოდ 32 წელი).
შერმადინი ტენერიფელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ ამ კლუბში აქვს გატარებული. ქართველი ცენტრი 2-ჯერ (2021, 2023) გახდა ლიგა ენდესას MVP, 6-ჯერ (2017, 2020, 2021, 2022, 2023, 2024) შეიყვანეს ჩემპიონატის საუეკთესო ხუთეულში, 2-ჯერ (2020, 2023) ფიბას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ერთხელ (2022) კი – ჩემპიონთა ლიგა.
GIPHY App Key not set. Please check settings