ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში პრინციპული მატჩი ვერ მოიგო ტენერიფემ. გიორგი შერმადინის გუნდი ვალენსიას მასპინძლობდა, რომელიც მეორე ადგილზე მყოფი ტენერიფეს მდევარია. ტენერიფე შინ თამაშობდა, მაგრამ კონკურენტს ვერ მოუგო – 99:102 დამარცხდა, თუმცა ამის მიუხედავად, მეორე ადგილი შეინარჩუნა და ბოლო ტურში მანრესას თუ დაამარცხებს, რეგულარულს სწორედ ამ ადგილზე დაასრულებს.
ვალენსია ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულით იგებდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო ყველაფერი. თუმცა გიორგი შერმადინის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა.
ქართველმა ცენტრმა არასრულ 26 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა თავის გუნდს. შეტევაში გიორგი 100%-იანი სიზუსტით გამოირჩა: 4-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 აღმოჩნდა.
ტენერიფესთვის ეს წაგება დიდი დარტყმა ნამდვილად არ ყოფილა, რადგან პლეი ოფში დიდი ხანია გასულია, ხოლო მოგება-წაგების 25/8 ბალანსით მეორე ადგილზეა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში შერმადინის გუნდი 30 მაისს, სტუმრად მანრესას შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings