თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ევროლიგაში მარცხი განიცადა. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე, უშანსოდ წააგეს კაუნასის ჟალგირისთან, რომელიც მეორე ნახევარში 25 ქულით იგებდა, საბოლოოდ კი 88:73 გაიმარჯვა.
შენგელია ჩვეულებისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და 21:32 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. თოკომ ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხოელ პარას ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
ბარსელონას 3 მოგების წილ 3 წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 28 ოქტომბერს, ისევ შინ, იტალიურ მილანთან გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings