საქართველოს ნაკრებს გამოსდის შოტლანდიასთან საშინაო მატჩები და ახლაც ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ დროში გავუშვით და ამჯერად ფრეს დავჯერდით – 2:2.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო თამაში გვქონდა, სამწუხაროდ სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო. გადამწყვეტი მნიშვნელობა არც მეტოქისთვის ჰქონდა და ამის გათვალისწინებით კარგი მატჩი გამოვიდა. გუნდებს არაფერი ეტყობოდათ უმოტივაციობის და ორივე მონდომებით და მოსაგებად თამაშობდა.
რომ არა სქოთების მეორე გოლი, შეიძლებოდა დაგვეწერა: ხვიჩა-შოტლანდია 2:1. ჩვენი ორივე გოლი კვარაცხელიას ანგარიშზეა და ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ გოლებსაც ხომ გააჩნია. მართალია, ბურთი თანაგუნდელებმა მიაწოდეს, მაგრამ აქ აშკარად მისი ინდივიდუალური ოსტატობა გამოჩნდა. პირველ ჯერზე, ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა ბურთი კაკაბაძეზე, რომელმაც საჯარიმო მოედანში გამჭოლი პასი შეაგდო, ხვიჩამ კი დასწრებაზე, ჩახტომით აჯობა მცველს და ზუსტად დაარტყა. ასე გაიხსნა ანგარიში და ტაიმიც 1:0 მოვიგეთ.
ეს გოლი ბიჭებმა ზურიკო დავითაშვილის ახალშეძენილ შვილს მიუძღვნეს. აღნიშვნის დროს სათადარიგოთა სკამზე მყოფი მამაც შეუერთდა თანაგუნდელებს და „აკვანი დაარწიეს“.
მეორე ნახევარში, როდესაც სტუმრებს ანგარიში გათანაბრებული ჰქონდათ, ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგიდან შუაში შეიწია და მარცხენა ფრთაზე კვარაცხელიას გადაუგდო. ხვიჩამ კი მისი ტრადიციული ილეთი ჩაატარა: შუისკენ შეიწია, მცველს მარჯვნიდან დაუსხლტა, დასარტყმელად გაისწორა და შორეულ დაბალ კუთხეში ბილიარდივით ჩასვა. 2:1 – ისევ წინ გავედით.
ამის მერე შოტლანდია წამოვიდა შეტევებზე და კონტრშეტევების იმედად დავრჩით, მაგრამ დიდად არ მოგცემია შანსი, თუმცა დროც გადიოდა და შოტლანდიასთან მესამე მოგებისთვის გავემზადეთ, როდესაც საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი თავით გაგვიტანეს.
საერთო ჯამში, არ გვითამაშია ცუდად, სტატისტიკა უფრო სტუმრების მხარეს იყო, ბურთის ფლობა თუ პასების რაოდენობა, მაგრამ დიდად უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს, ერთადერთი გამარჯვების ხელიდან გაშვება რომ არა. წვრილმანი შეცდომები იყო, ამას ალბათ სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებთან ერთად გაარჩევს და თუ 19-ში ესპანეთთან ტურნირის ბოლო მატჩში ვერა, მარტისთვის იმედია ყველა ლაფსუსი აღმოიფხვრება.
19 ნოემბერს კი, ვალიადოლიდში ესპანეთს ვეთამაშებით და ასე დავხურავთ მორიგ შესარჩევ ციკლს, რომელშიც ამ ეტაპზე 8 ქულა გვაქვს და მე-4 ადგილზე ვართ.
ევრო 2024. საკვალიფიკაციო მატჩი. A ჯგუფი
საქართველო – შოტლანდია 2:2
16.11. თბილისი. დინამო არენა. 44 595 მაყურებელი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15. კაკაბაძის პასით), 1:1 მაკტომინი (49. მაკლინი), 2:1 კვარაცხელია (56. ჩაკვეტაძის პასით), 2:2 შენკლენდი (90+2. არმსტრონგის პასით)
საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (78. კალანდაძე) – ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (69. მექვაბიშვილი), ჩაკვეტაძე (79. დავითაშვილი) – შენგელია (72. აზაროვი), კვარაცხელია – მიქაუტაძე (69. ზივზივაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ვოლკოვი, გოჩოლეიშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გელაშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
შოტლანდია: კლარკი – პატერსონი (79. რალსტონი), პორტეუსი, მაკკენა, ტეილორი (79. არმსტრონგი) – გილმორი (46. მაკლინი), მაკგრეგორი, მაკტომინი – კრისტი (46. ფერგიუსონი), მაკგინი, დაიკსი (86. შენკლენდი)
სათადარიგოები: მაკკრორი, კელი – დოიგი, კუპერი, ჰენდრი, ბრაუნი, ჯეკი
მწვრთნელი: სტივ კლარკი
გაფრთხილება: პატერსონი (8), კრისტი (37), კვირკველია (59), ქოჩორაშვილი (82), კვარაცხელია (90), არმსტრონგი (90+4)
არბიტრი: ა. სტავრევი (ჩრ. მაკედონია)
GIPHY App Key not set. Please check settings